Skip to content

დათა თუთაშხია

July 27, 2013

ყოველთვის, როცა კარგი წიგნის კითხვას ვასრულებ უკმარისობის განცდა მეუფლება. ისევ ისე მინდება მთელი დღე თავისუფალი დროის გამონახვაზე ფიქრში გავატარო და ვიფიქრო, რომ მეცადინეობებისაგან დაღლილს სახლში ახალი, სულ სხვა სამყარო მელოდება, სამყარო, რომელიც რეალურისაგან განსხვავებულია, თუმცა ბევრი საერთოც აქვს მასთან.

ზუსტად ასე მოხდა ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხიას” წაკითხვის შემდეგ. ქართველთა უდიდესი საუნჯის- “ვეფხისტყაოსნის” მსგავსად “დათა თუთაშხიაც” სამაგიდო წიგნად მიმაჩნია. თვითონ ნაწარმოების ავტორთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმაც იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობისაა იგი. დავა ამ საკითხზე დღესაც აქტუალურია. ზოგი თვლის, რომ ნაწარმოები ჭაბუა ამირეჯიბს არ ეკუთვნის. ამ ჰიპოთეზის განმამტკიცებელ არგუმენტად კი იმ ფაქტს ასახელებს, რომ ჭაბუა ამირეჯიბის შემდეგი პროზაული ნაწარმოებები თავიანთი მნიშვნელობით არათუ აღემატებიან, არამედ არც კი უტოლდებიან “დათა თუთაშხიას.” უხეშად რომ ვთქვათ, არანაირი ღირებულების მატარებელნი არ არიან.

რომანის მოქმედება მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დამდეგს საქართველოში წარმოებს. სიუჟეტი აგებულია მწვავე სიტუაციებზე და ეხება მრავალ ეთიკურ პრობლემას.

რომანს ჩემი აზრით ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს: აბრაგი – დათა თუთაშხია და მისი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია, რომელიც სამეფო კარზე მსახურობდა. ნაწარმოებში აღწერილია ამ ორი ადამიანისადმი არჩეული ცხოვრების გზა და ჭიდილი ერთმანეთთან. მთავარ პერსონაჟად შეგვიძლია გრაფი სეგედიც მოვიაზროთ, რადგან ნაწარმოების უმეტესი ნაწილი მისი თხრობისაგან შედგება და საკმაოდ ვრცლად არის გადმოცემული მისი მოსაზრებები ადამიანებსა და მათ ქმედებებზე.

BeFunky_images (1).jpg

“…ზოგი ადამიანი იქნებ ყველაფრით, ათასი საუკეთესო ღირსებით იყოს შემკული და მათი სწორედ გამოყენების უნარი კი არ გააჩნდეს. ღირსებები ერთი მონაცემია, მათი სწორად გამოყენების უნარი – მეორე.
ორ ადამიანს იქნებ თანაბარი შესაძლებლობები, მაგრამ სხვადასხვაგვარი ზნეობა ჰქონდეს; მაშინ ყოველი მათგანი თავის შესაძლებლობებს საკუთარი ზნეობის თანახმად გამოიყენებს. ადამიანის ნამოქმედარი ღირებულებები მისი ზნეობის ღირებულებებით განისაზღვრება. “
ასე მოხდა დათასა და მუშნის შემთხვევაშიც. განგებამ ორივე ძმა თანაბარი შესაძლებლობებით დააჯილდოვა, თუმცა დათამ სხვა გზა აირჩია, მუშნიმ – სხვა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ არჩეული გზის მიხედვით  ისინი ერთმანეთის მტრებად ითვლებოდნენ, ერთმანეთის სიყვარული არასდროს დაუკარგავთ.

დათა მუშნის: ” შენს საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია, მუშნი.”

ბატონი მუშნი ზარანდია რევოლუციისა და ცარისტული პოლიტიკის დამხობის წინააღმდეგი ( ან დროებით წინააღმდეგი) იყო, რადგან ფიქრობდა: ” როდესაც ახალი ძალმომრეობა ძველი ძალმომრეობის წინააღმდეგ იბრძვის, წესიერი კაცი ძველ ძალმომრეობას უნდა მიემხროს, რადგან არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს მიემხრო იმას, რაც არსებითად ვერ გააუკეთესებს ადამიანს, მაგრამ მოიტანს ახალ უბედურებებს, კვლას და ათასგვარ ბოროტებას მაშინ, როდესაც ძველიც თავსაყრელია.”

საინტერესოა მუშნი ზარანდიას დამოკიდებულება ჯამაგირის( ხელფასის) შესახებაც. იგი თვლიდა: ” ისეთი ჯამაგირი არ არსებობს , კაცს რომ ეყოს. კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს. რაც მეტს მოგცემენ, მით მეტი მოგინდება. ჯამაგირი კი არ არის დიდი და პატარა, მადაა დიდი და პატარა. “

დათა თუთაშხიას დამოკიდებულება ადამიანების ზნეობრივ ღირსებასთან დაკავშირებით: ” მე რომ ადამიანს და მის ზნეს ვხედავ, ყველა კაცი ისე ცხოვრობს და ისე იქცევა, როგორც თვითონ მოსწონს, და სხვა კაცი მის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, არ უნდა შეუშალოს ხელი. შენ გატანჯული გგონია და მას უხარია და მოსწონს, თურმე, თავისი დღე და ხვედრი. მგონია, არც ერთი კაცი არაა ქვეყანაზე მისთანა, სხვისი ჩარევის და დახმარების ღირსი რომ იყოს. “
დათას ასეთი დამოკიდებულება გახდა მიზეზი იმისა, რომ მრავალი მტერი გაიჩინა და ბევრი ადამიანი სწორედ მას აბრალებდა თავის უბედურებას. თუმცა დათა საკუთარ პრინციპს იცავდა და მართლაც, არავის საქმეში ერეოდა. ამ ქმედების მოტივი კი მისივე სიტყვებში ნათლად არის გადმოცემული.

ზოგადად დათას ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას კი მარტინ ლუთერის ნათქვამი ფრაზა საუკეთესოდ გამოხატავს: ” აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!”

დათა ფიქრობდა : ”როგორიც გინდა იყოს საქმე, სიყვარულით თუ არ მიუდექი – ვერ მოერევი. კაცი მტრად თუ ჩათვალე, შეგძულდება და მისი მოტანილი ზიანის კარგ საქმედ გადაკეთებაში სიძულვილი ვერ გამოგადგება ამხანაგად. მიტომაა, მტრად რომ არ უნდა ჩათვალო ცუდი კაცები, მან ჩაგთვალსო მტრად, გდიოს, გებრძოლოს, ის მდევარი იყოს, შენ – დევნილი და ხალხი შენს საქციელს მიბაძავს, შენს მხარეს დაიჭერს მაშინ. ცუდ კაცს ნურც მტრად ჩათვლი, ნურც მოყვარედ. მის გაფუჭებულ საქმეს და მის მოტანილ ზიანსუნდა ხედავდე – არაფერს სხვას. ამას უნდა დევდე და კარგ საქმედ აქცევდე. სხვები დაინახავენ, კარგმა გლახას აჯობაო, მოგბაძავენ თვითონაც, უკეთესი გახდებიან, ვიდრე იყვნენ, გამრავლდება ასეთი ხალხი და გაუჭირდება ავ საქმეს. ესაა აბრაგის ვალი და ყველა კაცის ვალი. ასეა ეს.

გთავაზობთ ამონარიდებს ნაწარმოებიდან:
” თავისი მიზნების განხორციელების დროს ამა თუ იმ ილეთის ჩატარების შესაძლებლობას მოკლებული ადამიანი წააგავს ხეიბარს, რომელიც, ვთქვათ, ცალხელაა და თავის ყველა წარუმატებლობას მხოლოდ ამით ხსნის; ცალხელა არ ვიყო, კურდღელს დავეწეოდი და გადავასწრებდიო! ეს ამა თუ იმ უნარს მოკლებული კაცის ფილოსოფიაა. “

მუშნი ზარანდიას მიერ გამოთქმული აზრები გრაფ სეგედთან საუბრისას: ” არსებობს ამდენი და ამდენი უკვე ცნობილი თვისება, ვთქვათ, სიყვარული, სიძულვილი, სიკეთე, ბოროტება, სხვანი და სხვანი, ხოლო ცხრილის ამდენი და ამდენი უჯრა დროებით შეუვსებელი რჩება. მერე გავა დრო და თავისი ბინადარი ალბათ ყველა უჯრას გამოენახება.
ვფიქრობ, რომ ნორმალურ ახალშობილს იმთავითვე დაჰყვება ხოლმე ადამიანის ყველა ზნეობრივი თვისების ჩანასახი და ამ ჩანასახის ზრდა-განვითარების, ჩამოყალიბების, დახვეწის შესაძლებლობაც. საფიქრებელია, რომ ერთსა და იმავე ახალშობილს ყველა ზნეობრივი თვისების ჩანასახი ტოლი სიდიდისა ერ ექნება. ალბათ, ზოგი ჭარბი პოტენციისა ექნება და ზოგიც ნაკლულისა, მაგრამ თუკი მათი ზრდა-განვითარების, ჩამოყალიბების, დახვეწის პირობები, ანუ გარემო, ერთი რომელიმე ზნეობრივი თვისების მძაფრ ზრდას არ იწვევს, მოსალოდნელია, რომ პროდუქტიც მეტ-ნაკლებად ნორმალურ თვისებებიანი დადგება, ანუ ისეთი, რომელსაც ჩვენ ნორმალურ ადამიანებს ვუწოდებთ. ახლა გამონაკლისებსა და გადახრებს მივმართოთ.
ხომ შეიძლება, რომ დაიბადოს ისეთი ადამიანი, რომელსაც სიხარბე, მომხვეჭელობა და სიძუნწე მძლავრი მონაცემებით დაჰყვება, ხოლო ამის საწინააღმდეგო თვისებები სუსტ, უმწეო ჩანასახად? ისიც ხომ შესაძლებელია, რომ ასეთ ადამიანს შეექმნას ზრდა-განვითარების გარემო, რომელიც მძლავრ მონაცემს მძაფრად განავითარებს და სუსტ მონაცემებს კი დათრგუნავს, დაასუსტებს, პრაქტიკულად მოსპობს კიდეც? მაშინ ასეთნაირად ჩამოყალიბებული ადამიანი რა გზას დაადგება და ამ გზაზე როგორ თვისებებსაც გამოამჟღავნებს, მგონი, ამაზე ლაპარაკი ზედმეტიც უნდა იყოს.”

BeFunky_images (5).jpg

გრაფი სეგედის აზრით: ” მიღებულია ვიფიქროთ, რომ ადამიანის ცხოვრება მის, მეტნაკლებად მნიშვნელოვან საქციელთა ჯამია. ყოველი ჩვენგანი განუწყვეტლივ მოქმედებს, ქმნის, ან ანგრევს და ყოველივე ამას, აუცილებლად, ზნეობრივ საფუძველს უმარჯვებს. ჩვენი საქმეების შენობა ჩვენივე ზნეობის საძირკველზე დგას: ერთნი ჯერ მოიქცევიან და შემდეგ ეძებენ, ვერ პოულობენ და ამიტომ თხზავენ თავისი საქციელის გამართლებას. მეორენი იძულებულნი არიან, კანონს თუ საზოგადოებრივ აზრს ანგარიში გაუწიონ; ამიტომ თავის მომავალ ცუდ საქციელს დიდი რუდუნებით ნიღბავენ და უანგარობის სამოსელში ჰხვევენ. მესამენი მომავალ საქციელს ჯერ საკუთარი ზნეობის პოზიციებიდან განიხილავენ და შემდეგ ამოქმედდებიან ან თავს შეიკავებენ. მაგრამ არიან ადამიანები, რომელნიც, ზნეობის გაუთვალისწინებლად, წინასწარ განუსჯელად მოქმედებენ, არც მერე ეძებენ ზნეობრივ გამართლებას და საქციელი კი ყოველთვის სწორი გამოუდით.”

“არიან ქალები, რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს ხოლმე თავს და არა დანახვისთანავე.”

“ღონიერის წინაშე ქედის მოხრა და მორჩილება სიკვდილის შიში არის.”

“კაცი როგორაა ხომ იცი? ერთ საქციელში ავსაც თუ ხედავს და კარგსაც, ხშირად მარტო ავს მიბაძავს და კარგს არა, ვიცი მე ეს.”

“თუ შიში არ გაქვს, მაშინ არც გზღუდავს არაფერი და გბორკავს რამე და რასაც გული გკარნახობს, იმას სჩადიოდე, იქნება, ყოველთვის. ესაა თავისუფლებ, აბა რა?! აბა თქვი შენ, რიშ ძლიოს შიშს კაცმა, თუ განგებას ამის უნარი არ მიუცია მისთვის?.. ცული უნდა მაგას, ცეცხლი და სატევარი! მაგ ცულს, ცეცხლსა და სათევარ სიკეთე ჰქვია.”

“სიკეთე ის არის, რაც ყველასთვის კარგია. მადლი ქენი, ქვაზე დადე და შედეგს არ დაელოდო.- წადი, სხვა მადლი ჰქენი. სიკეთეც ეს არის და მისი თესვის აუცილებელი პირობაც.”

“არ ვიცით, რისთვის ვიცოცხლოთ და ან რისთვის დავიხოცოთ.”

“თუ ვინმეს უჭირს თავი გაწირე, მაგრამ იხსენი.”

საკმაოდ მნიშვნელოვანია ქალბატონი ნანოს პერსონაჟიც. დათა თუთაშხიამ თანამოძმესთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჰქონდა გრძნობა ( ერთხელ), რომელიც ალბათ სიყვარული იყო. მე ვფიქრობ ამ სიტყვების წარმოთქმისას იგი ქალბატონ ნანოსა და მასთან გატარებულ წუთებზე ფიქრობდა.

გთვაზობთ ნანოსა და დათას მიმოწერას:

BeFunky_images.jpg

ნანო დათას: “იმის საბაბი არ მომიცია, რომ ჩემს სიყვარულში შიში გეგრძნო. განა პირველსავე დღეს უფიქროდ და უყოყმანოდ ა დაგიახლოვდი? ვერ მატყობ, რომ ბედნიერიცა ვარ, მიხარია კიდეც, გულისთქმას მივდევ და არც არაფერი მენაღვლება?
მე ჯერ შენი სული დავინახე და სიყვარული მერე დაიწყო. სადაც გული მომიყვანს , იქ მივალ, ოღონდ ამით შენს ბედნიერებას მცირედი მაინც შეემატოს. შენთვის მიყვარხარ, გესმის? სხვანაირად ხომ მამაკაცის სიყვარული კი არა, მხდალის ტრფიალი იქნებოდა ! მე ყველაფრისათვის მზად ვარ, გეძახი კიდეც და მაინც… ვფიქრობ, რომ არ მოხვალ.”

დათა ნანოს: “მეტისმეტად გაგვირთულდა ყველაფერი, ქალბატონო ნანო, მაგრამ უამისობაც არ შეიძლება, ის არის საქმე, დაბრკოლებები დაუხვედრა სიყვარულს ფიქრმა.
მამაკაცმა რომ ქალს თავი შესთავაზოს ან მართლა უნდა იყოს ამ ქალის ღირსი თვითონ და ან უნდა ეგონოს უკეთესი ვარო, მგონია მე.
ყველა წესიერი ქალიც ასეა, ალბათ – თავისზე უარეს მამაკაცს ნებით არ დაჰყვება სიყვარულზე.”

ამონარიდები წიგნიდან:

“ზრდადამთავრებული ადამიანი სხვა ადამიანებთან თუ მოვლენებთან ურთიერთობას წინასწარშეთვისებული სტერეოტიპებით ახორციელებს. იგულისხმება საქციელის სტერეოტიპი. განვმარტოთ,სტერეოტიპის აღქმა–შეთვისების პროცესი დაბადებიდანვე იწყება და,ძირითადად, ოცი, ოცდახუთი წლის ასაკისთვის მთავრდება. ამის შმდეგ მიმდინარეობს მათი დახვეწა–რაფინირება, ანუ თვით სტერეოტიპის ქვესტერეოტიპებად დანაწევრება და ეს მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება.”

“სტერეოტიპი, პირველ რიგში თანდაყოლილი თვისებებისა და გარემოს ურთიერთზემოქმედების პროდუქტია და ყველა სტერეოტიპი ერთად– ის კომპლექსი, რომელიც ქმნის ადამიანის დამოკიდებულებას, როგორც გარემოსადმი, ისე საკუთარი შინასამყაროს მიმართ. ამგვარად, თუ სტერეოტიპი ერთ რომელიმე მოვლენასთან ურთიერთობის წინასწარ შემუშაებული ხერხია – დამოკიდებულებას მთელ სამყაროსთან ურთიერთობის პრინციპი შეიძლება ეწოდოს.”

მუშნი ზარანდიას პრინციპები: ” არასოდეს გადადო ხვალისთვის ის, რის გაკეთებაც დღეს შეიძლება.”
“ნუ გააკეთებ დღეს იმას, რასაც ხვალ გაკეთება უფრო მოუხდება.” ;დ

”უწინ ძმადნაფიცობის წესი და რიგი ისეთ იყო, თუ ძმადნაფიცი გეტყოდა, წამომყე, საჭიროება მაქვსო– უნდა წაჰყოლოდი და სანამ თავად არ გიამბობდა – ამ და ამ საქმეზე მივდივართო, შენ არ უნდა გეკითხა, სადა და რისთვის მიგყევარო. ამ წესს სათავედ ისა ჰქონდა, რომ ძმადნაფიცი ძმადნაფიცს თავზე ხელასაღებ საქმეზე მხოლოდ მაშინ წაიყვანდა, თუ სხვა გზა მართლად აღარაფერი ექნებოდა. წაიყვანდა და ტყვიასაც ჯერ თავად დაუხვდებოდა. ”

”სიცრუე შიშმა იცის. ”

”საქციელისა თუ იდეის პირველსაწყისად მაინც ალღო მიმაჩნია. შემთხვევითობა და ”იღბლიანი” ადამიანი თუ არსებობს კიდეც, მისი ირლიანობა იმაში მდგომარეობს, რომ განგებამ ალღო დააყოლა.”

”ბოროტების დათრგუნვა განგიზრახავს, მაგრამ იგი ბოროტებითვე ვერ დაითრგუნება. როცა ძალადობას ძალადობითვე სპობ, მართალია, ერთ ბოროტებას ანადგურებ, მაგრამ იმავე ადგილზე რამდენიმე ახალი აღმოცენდება ხოლმე. შენ ამას ვერ ხედავ ან დანახვა არ გსურს. ”

”უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა, როცა მას მაღალი ზნეობა და ღმრთის მოშიშობა არ ახლავს თან. ნიჭიერი კაცის ყველა საქციელი გადამდებია, მაგალითის ძალა აქვს. ”

”ხდება ზოგჯერ, ტრიალებს ადამიანის გონებაში ფიქრი, მაგრამ სანამდე სხვა არ ეტყვის პირდაპირ და დალაგებით იმ ფიქრისას, არ აქცევს იმდენ ყურადღებას კაცი.”

”წესიერ ოჯახში ერთი თუ გამოვიდა ბოროტი და უხსენებელი, იმ ოჯახის მეორე კაცს არ აქვს უფლება, ერთის ბოროტება მთელი ოჯახისა და მოდგმის სახელად და სალანძღავად აქციოს. ოჯახის სახელი სუფთა უნდა დარჩეს ხალხის და მომავლის თვალში. გასწავლიდით მე თქვენ: შენს სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ ოჯახის სახეა და გარეთ– შენი ერის! სწორედ ცხოვრება თუ გინდა – ეს არის. ”

” როცა ორმა ადამიანმა ამა და ამ თემაზე საუბარს ერთელ გვერი აუარა – მომავლისთვის გადადო, მესამედ, ვითომ უადგილოდ ჩათვალა, და ბოლოს თვითდინება არჩია, მაშინ, რაც უფრო მეტი დრო გადის, ის საუბარი მით მძიმე, საჩოთირო და შეუძლებელი ხდება. ”

”ადამიანს თუ გულზე რაიმე სადარდებელი აწევს, მაშინ თავის საწუხარზე სხვებთან საუბრის მოთოვნილებაც აწვალებს – უპირატესად ჭკვიან, საქმეში ჩახედულ კაცებთან საუბრისა. ”

”ადამიანი, პიროვნება თითქმის ყოველთვის ტყუის. ხალხი, ერი – ყოველთვის მართალია,.”

”ერთი ბოროტება რომ ხდება, რაიმე, შენს დასანახზე და ხელმისაწვდომზე, მისი მოსპობა ადვილია, ძალიან. ეგ არის, არაფერი საქმე არ არის ეს, სხვაგან უფრო მეტი ბოროტება მოხდება, უეჭველია, მიზეზი თუ არ მოსპე იმ ბოროტების, ბუდე თუ არ დაუნგრიე. ბუდე აქვს ყველაფერს მზის ქვეშ და –ბოროტებასაც. ვოროტების ბუდის დანგრევა დიდი საქმეა ძალიან. ისე დიდი საქმეა ეს, რომ გასაჭირადაც ღირს და სიკვდილადაც.”

”გამბედაობა ჩვეულებაა.”

”გაწამებულს და გატანჯულს რომ ნახავ ვინმეს, უნდა იღონო რაიმე, რომ ეშველოს იმ კაცს, ადამიანი თუ ხარ. ამას ვშვრებოდი მე, მაგრამ თვითონაც ხომ უნდა გაანძრიოს თავი და ხელი და ხომ უნდა უშველოს თავის თავს და მის ბედში მყოფსაც, სიკეთე და სამართალი თუ უნდა. თვითონ არ გაანძრევს ხელს არასგზით: ერთი –იმიტომ, რომ არ იცის, ვინ ან რა არის მისი გამამწარებელი და გამტანჯველი და მეორე ის, რომ თუ დაანახვე და გააგებინე, – აგერ ეს არის მიზეზი, უბედური რომ ხარ და ამას უნდა მოსპობაო – ვერ შებედავს, მისას ბუზს ვერ აუქნევს ხელს. მისივე სიკეთისთვის როგორ უნდა დავანძრევინო კრინტი, ხელი როგორ გავანძრევინო, ეს მინდა ვისწავლო.”

”ადამიანთა უმრავლესობა ხშირად ამბობს,–რეგვენი ვარო, მაგრამ ისეთს ვერავის იპოვნით, რომ ეს სჯეროდეს. სამაგიეროდ, იშვიათად შეხვდებით ისეთ პატიმარსაც, ვინც რამდენადმე დამნაშვედ მაინც არ თლიდეს თავს და აქ იმის მოტანა შეიძლება, რომ არ არსებობს ნორმალური ადამიანი, ვისაც ცოტათი მაინც სულელად არ მიაჩნდეს თავისი თავი თავის თავთან მარტოს.”

”ნამდვილ სიყვარულს დრო სჭირდება.”

”სიყვარული სულიერია. ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს, მისი სულიერი რაღაც–რაღცები შენი სიცოცხლისათვის აუცილებელი რომ გახდება, მაშინ დაერქმევა თქვენს ურთიერთობებს სიყვარული. ასე მგონია მე და, შენი შვილების დედაც თუ არის ის ადამიანი, ამახვილებს სიყვარულს ეს. ”

ერთ–ერთი პერსონაჟის წერილი შვილს: ”მივდივარ, შვილო, მე და იცოდე სამუდამოდ, ავასრულე კაცის დანიშნულება, როგორც შემეძლო, რისი საშუალებაც მომცა ბუნების ძალამ. სათხოვარი და ანდერძი მაქვს შენთან: კაცური კაცის სიცოცხლე ის არის, რომ უნდა იწვოდე კვარივით, სანთელივით, კოცონივით, მზესავით – როგორ ხვედრსაც გარგუნებს განგება, ისე. იმაზეც უნდა იფიქრო, შნ რომ ჩაწრები, წყვდიადმა არ დაისადგუროს ირგვლივ, ან შენ რომ ხარ, მაგ ერთ ფიორა ადგილზე, მაინც, სანამდე ანთიხარ, სე უნდა ენთო, შვილო, რომც სხვაც აანთოს შენმა სიცოცხლემ და აღარ შეიქნება სიბნელე შენი წასვლის შემდეგ. ვიმედოვნებ, ასე იცხოვრებ და მივდივარ დამშვიდებული. თვრამეტი წლისას წააკითხე ბიჭს ეს ბარათი, კატია.”

სანდრო კარიძის მიერ გამოთქმული აზრები:

BeFunky_images (6).jpg

” ხალხი ხელებია და სტომაქი. ერი– მაღალი ზნეობა და შორსმჭვრეტელობა. ხალხი სულიერსა და ნივთიერ ღირებულებებს ქმნის და ვინაიდან მოთოვნილება ყოველთვის სჭარბობს შექმნილს, მას აქვს დაუოკებელი მისწრაფება მთლიანად შთანთქას არა მარტო ის, რაც თვითონ შექმნა, არამედ ისიც, რაც მანამდეა შექმნილი და შთანთქმას გადარჩენილი. ერი ცალკეულ პიროვნებებში თუ მათ ერთობლიობაში განხორციელებული ის მარადისი სულია, რომელიც ნებაყოფლობით კისრულობს მთელი ეთნიკური ორგანიზმის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებლობას.  ერი დამაოკებელი, მომწესრიგებელი საწყისია, სულიერ და ნივთიერ საუნჯეთა დამგროვებელი, მცველი. გახსოვთ? – ”ცხოვრება სულიერი და ხორციელი სარჩოს მოპოვების პროცესია, ხოლო ზნეობა – ამ პროცესის მომწესრიგებელი ძალა” ერის ცნებასა და ზნეობის ცნებას შორის ტოლობის ნიშანი ზის.”

”ერს, ანუ უკვდავების, მარადისობის გამახორციელებელ ძირითად ძალას ის ადამიანები წარმოადგენენ, ვინც ქვეყანას აძლევს ყველაფერს, თუკი რამ გააჩნია  და იღებს მისგან მხოლდო იმდენს, რამდენიც არსებობისათვის, ანუ ყველაფრის მისაცემად სჭირია.”

”გადარჩენილი ერები მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ფიზიკური არსებობის შესანარჩნუებლად, თვისუფლებისთვის, სულიერი საუნჯის გადასარჩენად იბრძოდნენ და ეს ბრძოლა მათთვის წრთობის პროცესს წარმოადგენდა, ცხოველმოსილების სტიმულატორი იყო. მპყრობელი ერების შემთვევაში სხვა მოვლენებთან გვავქს საქმე: პყრობას, დაოკებას, წინააღმდეგობის ჩახშობას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ასი ხალხის პყრობას– ასჯერ მეტი ძალისხმევა. უსაზღვრო და ამოუწურავი მზისა ქვეშე არაფერია. მპყრობელი ერის ენერგიასაც აქვს თავისი საზღვარი. იღლება, იფიტება, ცხოველმოსილება უდუნდება. ჯერ პყრობის უნარს კარგავს, შემდეგ თავდაცვისას, მერე სხვა ერებში ითქვიფება და ბოლოს არსებობასაც წყვეტს. ”

ყველამ წაიკითხეთ აუცილებლად ! <3 

About these ads
4 Comments leave one →
  1. July 28, 2013 5:43 am

    წიგნი ხომ საუკეთესოა და პოსტიც მშვენიერი!!!

  2. July 28, 2013 12:23 pm

    აი მართლა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წიგნია რაც კი ოდესმე წამიკითხავს :3
    ყოველთვის ვამბობდი დათა თუთაშხია როგორ უნდა მომეწონოს მეთქი და წელს ჩემი ქართულის მაწავლებლის ძალდატანებისა და გამო წავიკითხე…
    რომ დავამთავრე დავურეკე და ქალს მადლობები ვუხადე ^_^
    მაგრამ სიმართლე ვთქვა ძალიან უკმაყოფილო ვიყავი როცა კითხვა დავამთავრე… მინდოდა არ მომკვდარიყო და კიდევ უფრო მეტი ყოფილიყო დაწერილი ^_^

    • July 28, 2013 5:34 pm

      ძალიან კარგი ქნა მასწავლებელმა რომ წაგაკითხა)) <3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,045 other followers

%d bloggers like this: