Skip to content

თეოდორ დოსტოევსკის  „იდიოტი“ – ანუ კეთილშობილება, როგორც დამანგრეველი ძალა

January 18, 2014

tavadi

მოდერნიზმის მიმდინარეობა, რომელიც თანამედროვეთათვის  ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მნიშვნელოვან მიმდინარეობად ითვლება, თავისი განსაკუთრებულობას  გამორჩეულად  ლიტერატურაში ავლენს. მთავარი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, რომლითაც მოდერნიზმის მიმდინარეობის ლიტერატურული ნაწარმოები გამოირჩევა არის ის, რომ  მწერლების ინტერესის საგანს უკვე წარმოადგენს არა სხვებზე უფრო ამაღლებული ადამიანი თავისი იდეალური ბუნებითა ან თუნდაც მისკენ  დაუოკებელი სწრფავით, არამედ ისინი უკვე ინტერესდებიან  ჩვეულებრივი ადამიანებით, რომლებიც სხვათაგან არა დადებითი თვისებებით გამოირჩევიან ( თუმცა ეს საკმაოდ პირობითი საკითხია), არამედ სისუსტით, მელანქოლიური ბუნებით, თავიანთი ასოციალური ხასიათითა და ცოდვილი ნატურით.  მოდერნიზმის მიმდინარეობა, ხელოვნების სხვა მიმართულებათაგან განსხვავებით, წინა პლაზე წევს ადამიანის ცოდვებსა და უარყოფით ასპექტებს, რომლებზეც ადრე ყურადღებას ნაკლებად თუ ამახვილებდნენ. ამ მიმდინარეობისათვის უკვე საყურადღებოა ადამიანი ისეთი, როგორიც იგი სინამდვილეშია – არა იდეალური, არამედ სხვადასხვა ნაკლით სავსე, ნაკლით, რომელიც მას დამატებითი გამორჩეულობის ელფერს სძენს და მის პიროვნებას გაცილებით უფრო საინტერესოს ხდის.

მოდერნიზმისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები მკაფიოდ ვლინდება მეცხრამეტე საუკუნის რუსი მწერლის თეოდორ დოსტოევსკის ნაწარმოებში „იდიოტი“.  მოდერნიზმის ხელოვნება პირობითად იყოფა ორ ნაწილად: აპოლონური და დიონისური ხასიათის ნამუშევრებად. აპოლონური ტიპის ნაწარმოებებში მკვეთრადაა გამოვლენილი მშვენიერი, გაწონასწორებული იდეების ხელოვნებაში გადმოცემა, ხოლო დიონისური ხასიათის ნაწარმოებებში კი განსაკუთრებული სიმძაფრითაა ასახული ტანჯვა, ტრაგიზმი, ცოდვა, გამარჯვება ან დამარცხება.  „იდიოტი“  აპოლონური ხასიათის ნაწარმოებია.

ეს  ნაწარმოები ნათელი გამოხატულებაა იმისა, თუ რამდენად კარგად იცნობდა ავტორი ადამიანის ფსიქოლოგიას. ნაწარმოების კითხვისას შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს ის, თუ როგორ ოსტატურად უღრმავდება დოსტოევსკი თითოეული პერსონაჟის შინაგან სამყაროს. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ თავად ავტორზე მოგვეპოვება, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ იგი ნაწარმოებში ბევრ მნიშვნელოვან დეტალს იყენებს საკუთარი ცხოვრებიდან. მაგალითად, რომანის მთავარი გმირი, ხალხის მიერ იდიოტად შერაცხული თავადი მიშკინი გენერლის მეუღლისა და მისი სამი ქალიშვილის სტუმრობისას სიკვდილით დასჯის შესახებ საუბრობს. იგი ნათლად აღწერს იმ განცდებს, რომლებიც სიკვდილმისკილ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. თვითონ დოსოტევსკისაც მისჯილი ჰქონდა სიკვდილი, რის მიზეზადაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბელინსკის ნაწარმოებების კითხვა და ასლების ქონა წარმოადგენდა, თუმცა  საბოლოოდ ეს ამბავი ისე დასრულდა, რომ სიკვდილის მოლოდინში მყოფ მწერალს უთხრეს, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა და მისი განაჩენი ციმბრიში გადასახლებით ჩაანაცვლეს.

სიკვდილმისჯილი ადამიანის ფიქრებს დოსტოევსკი თავად მიშკინის მიერ წარმოთქმულ სიტყვებში საკამოდ მკაფიოდ და თვალსაჩინოდ აღწერს:

”ვთქვათ კაცს აწამებენ; ამ დროს ტანჯვა, ჭრილობები, ხორციელი ტკივილი აწუხებს, ეს ყველაფერი კი სულიერ ტანჯვას ავიწყებს, ასე რომ სულის ამოხდამდე მხოლოდ ჭრილობები ტანჯავს. მაგრამ ყველაზე დიდი, ყველაზე გაუსაძლისი ტკივილი იქნებ ჭრილობა არც იყოს, იქნებ ის არის, რომ დანამდვილებით იცი, აგერ ერთი საათის, მერე ათი წუთის, მერე ნახევარი წუთის, მერე, აი, ამ წუთს სიცოცხლეს გამოესალმები, ადამიანი აღარ იქნები და ეს უეჭველია. სწორედ ესაა მთავარი, რომ უეჭველია. აი, თავს რომ დადებ დანის ქვეშ, გესმის, როგორ დაცურდება ის შენს თავზე, სწორედ ეს მეოთხედი წამია ყველაზე საშინელი. მაგრამ იცით, რომ ეს მარტო ჩემი ფანტაზია არ არის და ბევრი იძახის ამას? იმდენად მწამს ეს, რომ პირდაპირ გეტყვით ჩემს აზრს. მკვლელობისათვის კაცის მოკვლა დანაშაულს აჭარბებს სისასტიკით. კანონიერი სიკვდილით დასჯა უფრო საშინელია, ვინმე ყაჩაღურა კაცის მოკვლა. ის, ვისაც ყაჩაღები ღამით ჭრიან ყელს ტყეში ან სადმე, გადარჩენის იმედს მაინც არ ჰკარგავს სულ უკანასკნელ წუთამდე. მაგალითები ყოფილა იმისი, რომ ყელგამოღადრულ კაცს მაინც იმედი აქვს, ან გარბის სადმე, ან იხვეწება და ივედრება. აქ კი ამ უკანასკნელ იმედს, რაც ათჯერ უფრო აიოლებს სიკვდილს, გადაჭრით უსპობენ. აქ განაჩენი გამოტანილი აქვს, ჰოდა ყველაზე საშინელი საწამებელიც ის არის, რომ იცი, ამას ნამდვილად ვერ ასცდები. ამაზე მეტი ტანჯვა კი რა უნდა იყოს ამქვეყნად. მოიყვანეთ ჯარისკაცი და ბრძოლის ველზე ზარბაზანს დაუყენეთ პირდაპირ, გინდაც ესროლეთ, იმას მაინც იმედი ექნება გადარჩენის, მაგრა ამავე ჯარისკაცს რომ სიკვდილის მისჯის განაჩენი წაუკითხოთ, ის ან ჭკუაზე შეცდება, ან ატირდება. ვინ თქვა, რომ ადამიანის ბუნებას შეუძლია ეს აიტანოს და ჭკუაზე არ შეცდეს? რა საჭიროა ადამიანის სულის ასეთი შებღალვა, ასე უგვანოდ, ასე ტყუილუბრალოდ? იქნებ იყოს ისეთი კაცი, ვისაც განაჩენი გამოუტანეს, დატანჯეს, გააწამეს და მერე უთხრეს: ”წადი, გეპატიოს ბრალიო.” აი ამ კაცს იქნება ეამბნა მართალი. “

არსებობს მოსაზრება, რომ ნაწარმოების მთავარი გმირი – თავადი მიშკინი- ქრისტეს სახეა. იგი  გვევლინება, როგორც იდეალური ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ  ყოველ ადამიანშია  რაღაც კარგი; ებრალება განურჩევლად ყველა; უდიდესი მიმტევებლური თვისებით გამოირჩევა. სწორედ ამა და სხვა მიზეზების გამო, იგი საზოგადოებაში იდიოტის სახელითაა ცნობილი.

რომანში თავადი მიშკინის გარდა,  კიდევ სამი მნიშვნელოვანი პერსონაჟია ( თუმცა ყველა პერსონაჟი თვისებურად მნიშვნელოვანია, რადგან დოსტოევსკის ოსტატობის წყალობით მათზე დაკვირვებით უდიდესი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია ადამიანის ფსიქოლოგიაზე.) ესენი არიან: აგლაია ეპანჩინა ,  ანასტასია ფილიპოვნა და პარფენ როგოჟინი.

აგლაიასა და ანასტასია ფილიპოვნას შორის თვადის გულის დასაპყრობად მიმდინარეობს ბრძოლა. აგლაია ოცი წლის გოგონაა, რომელიც მიისწრაფვის ორიგინალობისაკენ. იგი პირველივე ნახვისას მოიხიბლა თავადით.  ხოლო ანასტასია ფილიპოვნა კი უბედური ქალის სახეა, რომელიც საკუთრი ტანჯვის დასაფარად ბევრ  უღირს საქციელს ჩადის. თუმცა თავადი უმოკლეს პერიოდში ჩასწვდება მის პიროვნებას.  ანასტასია ფილიპოვნასათის თავადი იდეალური ადამიანია და  მთელი ნაწარმოების განმავლობაში ხშირად ვხვდებით ისეთ ეპიზოდებს, რომელთა გამომდინარეც, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ანასტასიას თავი თავდის ღირსად არ მიაჩნია და თვლის, რომ იგი მას მხოლოდ გააუბედურებს. მნიშვნელოვანი როლი უჭირავს პარფენ როგოჟინსაც, რომელიც სიგიჟემდეა შეყვარებული ანასტასიაზე. გარდა ამისა,  იგი მჭიდრო კავშირშია თავადთანაც.

natsasia,,- მართალი ბრძანდებით, ნასტასია ფილიპოვნა, რომ არაფერი ვიცი და არც არაფერი მინახავს, ოღონდ.. ოღონდ ისე მიმაჩნია, მე კი არა, თქვენ აქეთ დამდებთ პატივს. მე არაფერს წარმოვადგენ, თქვენ კი ამდენი ტანჯვა ნახეთ და ამ ჯოჯოხეთს წმინდად დააღწიეთ თავი, ეს კი ბევრს ნიშნავს. მაშ რისა გრცხვენიათ და როგოჟინს რატომ გინდათ გაჰყვეთ? აღგზნებული ხართ ახლა და იმიტომ… ბატონ ტოცკის სამოცდათხუთმეტი ათასი უკანვე მიეცით და თქვით, რაც აქაა, ყველაფერს დავტოვებო, ამას კი აქ არავინ ჩიდენს. მე თქვენ… მიყვარხართმ ნასტასია ფილიპოვნა. თქვენი გულისთვის მოვკვდები, ნასტასია ფილიპოვა. ხმას არავის ამოვაღებინებ თქვენზე, ცუდს არ ვათქმევინებ… თუ ფული არ გვექნა, მე ვიმუშავებ, ნასტასია ფილიპოვნა…“ – თავადი მიშკინი ანასტასია ფილიპოვნას.

თავადი თავდაპირველად ამტკიცებს, რომ მას უყვარს ანასტასია, თუმცა განვითარებული მოვლენების შემდეგ, იგი აცხადებს, რომ მხოლოდ ეცოდება, ებრალება იგი, ხოლო სიყვარული კი გაქრა. ამჯერად იგი აგლაიას უცხადებს სიყვარულს.  თუმცა მისთვის მთელი ნაწარმოების განმავლობაში შეუძლებელია გაუძლოს ანასტასია ფილიპოვნას სახეს. ამ ქალს უდიდესი ზეგვალენის მოხდენის უნარი აქვს თავადზე. საბოლოო ჯამში, კეთილშობილი თავადი, რომელსაც არასდროს უფიქრია, ცუდი რამ ჩაედინა და ვინმეს ცხოვრება დაენგრია, მის ირგვლივ ყველას აუბედურებს, რაც მე ვფიქრობ,  სიმბოლოა იმისა, რომ  მაშინდელ ( და არა მარტო მაშინდელ – დღევანდელ) სამყაროში ადამიანებმა იმდენად იცვალეს სახე, იმდენად დასცილდნენ თავიანთ პირვანდელ სახეს, რომ  მათთან მიმართებაში სრული კეთილშობილების გამოყენებაც კი დამანგრეველი იქნება, როგორც საკუთარი თავისადმი, ასევე მათთვისაც. ნაწარმოების დასასრულიც სწორედ ამაზე მეტყველებს. თავადი ბოლოს ისევ შვეიცარიას უბრუნდება სამკურნალოდ, სადაც იგი ოთხი წლის განმავლობაში იკურნებოდა ”იდიოტიზმისაგან”.

გთავაზობთ ამონარიდებს წიგნიდან:

  • „შარშან მე ერთ კაცს შევხვდი. აქ ერთ უცნაურ გარემოებას ჰქონდა ადგილი, უცნაურს-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ასეთი შემთხვევა ძალზედ იშვიათად ხდება. ეს კაცი ერთხელ ეშაფოტზე აიყვანეს და პოლიტიკური დანაშაულისათვის სასიკვდილო განაჩენი წაუკითხეს. ოციოდე წუთის შემდეგ კი შეწყალება გამოუცხადეს და სასჯელი შეუცვალეს. მაგრამ ამ ორი განაჩენის შუალედში, მთელი ოცი თუ, ყოველ შემთხვევაში, თხუთმეტი წუთი იმ უეჭველი რწმენით გაატარა, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ უნდა მომკვდარიყო. იმდენად დამაინტერესა ამ ამბავმა, რომ რამდენჯერმე გავამეორებინე ის თავისი შთაბეჭდილებანი. საოცარი სიცხადით ახსოვდა ყველაფერი და კიდეც ამბობდა, იმ წუთებიდან თავის დღეში არაფერი დამავიწყდებაო. ეშაფოტიდან ოციოდე ნაბიჯზე, სადაც ხალხი და ჯარისკაცები იდგნენ, თურმე სამი ბოძი ერჭო, რადგან დასასჯელი რამდენიმე კაცი ყოფილა. პირველი სამი კაცი ამ ბოძებთან მიუყვანიათ. თოკებით მიუბამთ. სასიკვდილო ტანსაცმელი (თეთრი გრძელი ხალათები) გადაუცვამთ, თვალებზე კი თეთრი ჩაჩი ჩამოუფხატავთ, რომ თოფები არ დაენახათ. შემდეგ ყოველი ბოძის წინ რამდენიმე ჯარისკაცისაგან შემდგარი რაზმი ჩამწკრივებულა. ჩემი ნაცნობი რიგში მერვე ყოფილა და ბოძებთან მესამე წყობაში მოუხდებოდა გასვლა. მღვდელმა თურმე ყველას ჯვრით ჩამოუარა. ასე რო, ხუთიოდე წუთზე მეტი სიცოცხლე არ დარჩენოდა. ჰოდა, მითხრა, რომ ეს ხუთი წუთი უსაზღვრო დროდ, წარმოუდგენელ სიმდიდრედ მეჩვენება, მეგონა, ამ ხუთ წუთის მანძილზე იმდენ სიცოცხლეს განვიცდი, რომ ახლა უკანასკნელ წამზე ფიქრი არც ღირს-მეთქი. ამიტომაც სხვადასხვა თადარიგი დავიჭირე: გამოვიანგარიშე, რამდენი დრო დამჭირდებოდა ამხანაგებთან გამოთხოვებაზე, და საამისოდ ორი წუთი გადავდე, მერე ორი წუთი ჩემს უკანასკნელ ფიქრებზე შემოვინახე, ერთ წუთს კიდევ ირგვლივ მოთვალიერებას მოვანდომებდიო. ძალიან კარგად მახსოვს, რომ სწორედ ეს სამი თადარიგი დავიჭირე და სწორედ ეს გამოვიანგარიშეო. ოცდაშვიდი წლის, საღ-სალამათი, ჯან-ღონით სავსე კაცი ესალმებოდა სიცოცხლეს. როცა ამხანაგებს ვეთხოვებოდიო, მახსოვს, ერთ-ერთს რაღაც საკმაოდ გარეშე კითხვა მივეცი და პასუხმაც ფრიად დამაინტერესაო. მერე, ამხანაგებთან დამშვიდობების შემდეგ ის ორი წუთი დადგა, რომელიც ჩემს ფიქრებზე შემოვინახეო. ისიც წინასწარ ვიცოდი, რაზე ვიფიქრებდიო: მინდოდა, რაც შეიძლება მალე წარმომედგინა, ეს როგორ იქნება, ახლა ვარსებობ და სული მიდგას, სამიოდე წუთის შემდეგ კი არარაობად ვიქცევი. მაშ, ნეტავ რა დარჩება ჩემგან? ან სად წავალო? ამ ორ წუთში სურდა ეს ყველაფერი გადაეწყვიტა! შორიახლოს თურმე ტაძარი იდგა. ტაძრის მოოქროვილ გუმბათს მზე აბრჭყვიალებდა. მახსოვს, დაჟინებით მივჩერებოდიო სახურავსა და მასზე აციალებულ სხივებს. თვალი ვერ მომეწყვიტა სხივებისთვისო. მეჩვენებოდა, თითქოს სხივები იყო ჩემი ახალი ბუნებაო, სამიოდე წუთის შემდეგ როგორღაც მათ შევერწყმებოდიო… ის ახალი, რაც მას მოელოდა და რაც უცნობი იყო, საოცარი ზიზღით ავსებდა თურმე, მაგრამ იმ წუთშიო, ამბობდა: ყველაზე მძიმე მაინც ეს აკვიატებული ფიქრი იყო: რა იქნება, არ მოვკვდე! რა იქნება ცოცხალი დავრჩე! ო, რა უსასრულო სიცოცხლე მელის! ეს ყველაფერი ჩემი იქნება! მაშინ ყოველ წუთს მთელ საუკუნედ ვაქცევ, არაფერს დავკარგავ, ყოველი წუთის ანგარიშს ვიქონიებ, ერთ წუთს ტყუილად არ გავაცდენო! ისიც თქვა, ამ ფიქრმა ბოლოს ისე გამაბოროტა, უკვე ვნატრობდი, მალე მესროლონო ტყვია.“

  • “ვაგონში სულ ამას ვფიქრობდი:  ,, ახლა ხალხში უნდა გავერიო; იქნებ ბევრი არაფერი ვიცი და გამეგება, მაგრამ ახალი ხანა კი დამიდგა.”. გადავწყვიტე, პატიოსნად და პირნათლად შევასრულო ჩემი საქმე. ადამიანებთან შესაძლოა მომწყინდეს და გამიჭირდეს კიდეც. ყოველ შემთვევაში, გადავწყვიტე ყველას ზრდილობით მოვექცე და არაფერი დავუმალო; მეტს ხომ არავინ მომთოვს. იქნებ აქაც ბალღად ჩამთვალონლ, – რა ვუყოთ მერე! რატომღაც ყველა იდიოტად მნათლავს, მართალია, ოდესღაც კი ვიყავი ისე ავად, რომ იდიოტს ვგავდი; მაგრამ ახლა სადაური იდიოტი ვარ, თუკი ვამჩნევ, რომ იდიოტად მთვლიან. სადმე რომ შევდივარ, ვფიქრობ : ”ამათ იდიოტი ვგონივარ, მე კი ჭკვიანი ვარ, მხოლოდ ესენი ვერ ხვდებიან.”

  • ,,ბავშვებს კაცმა არაფერი უნდა დაუმალოს; ვითომც პატარები არიან და მათთვის ადრეა ყველაფრის ცოდნაო. რა უბადრუკი მოსაზრებაა! იცით, ბავშვები მშვენივრად ამჩნევენ მშობლებს პატარები ვგონივართ და ისე ფიქრობენ, ვერაფერს მივხვდებითო. სინამდვილეში კი ძნელად გამოაპარებთ რასმე. აბა, ვინ წარმოიდგენს, რომ რა თავსამტვრევი საქმეც არ უნდა იყოს, ბალღი საოცრად გონივრულ რჩევას მოგცემს. ღმერთო ჩემო! როცა ეს პატარა ჩიტუნები მიამიტად მოგაპყრობენ გაბრწყინებულ თვალებს, რა სინდისით უნდა მოატყუო ისინი! ჩიტუნები-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ ჩიტზე წმინდა ამ ქვეყნად არ არის რა.“

  • ,,სულელს თუ გული აქვს და ჭკუა არა, ისეთივე საცოდავია, როგორც ჭკვიანი, მაგრამ უგულო სულელი.“

  • 18                                                                                    აგლაიას პორტრეტი. ავტორი – ილია გლაზუნოვი                                                                    ,,  ოდესღაც პატივი დამდეთ და ნდობის  ღირსი გამხადეთ. ვინ იცის, აღარც გახსოვთ ახლა. ნეტავ რატომგწერთ? მეც არ ვიცი; მაგრამ რაღაც ძალამ მაიძულა და საშინლად მომინდა, თავი მოგაგონოთ და მოგაგონოთ სწორედ თქვენ. რამდენჯერ დამჭირვებიხართ სამთავე, მაგრამ ამ სამიდან მარტო თქვენ მიდექით თვალწინ. ძალიან, ძალიან მჭირდებით. რა უნდა მოგწეროთ ჩემზე, საამბობელი არაფერი მაქვს, არც მინდა; ოღონდაც სულით და გულით მწადია, რომ ბედნიერი იყოთ. ხართ კი ბედნიერი? აი, რისი თქმა მინდოდა მხოლოდ: თქვენი ძმა თავ. ლ. მიშკინი.“ – თავადი მიშკინი აგლაიას.

  • ,,  ჩემი მრავალგზის დაკვირვებიდან, ჩვენი ლიბერალი თავის დღეში ვერ მოითმენს, ვისმე საკუთარი შეხედულება გააჩნდეს და მაშინვე არ გამოლანძღოს თავისი ოპონენტი, ან უარესი რამ არ აუტეხოს.“

  • „ადამიანებს ეს სიზარმაცით მოსდით, ერთმანეთს რომ ერთი შემთხვევით ახარისხებენ და ვერაფერს პოულობენ საერთოს…“

  • ,, ეჭვი არაა, გაუბედაობა და საკუთარი ინიციატივის  სრული უქონლობა ჩვენში მარადჟამ მიაჩნდათ პრაქტიკოსი ადამიანის უმთავრეს და უპირველეს ნიშანთვისებად, მიაჩნდათ და ახლაც მიაჩნიათ. მაგრამ ვითომ მარტო ჩვენ მოგვდგამს ეს ცოდვა – თუკი ასეთ შეხედულებას ცოდვა შეიძლება ეწოდოს? ორიგინალობის უქონლობა დედამიწის ზურგზე ადამჟამობიდან მოყოლებული ყველგან ითვლებოდა თავიანი, საქმიანი და პრაქტიკოსი ადამიანის საუკეთესო რეკომენდაციად, ყოველ შემთვევაში, ადამიანთა ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი ( ამდენი მაინც) მუდამ ასე ფიქრობდა და მხოლოდ ადამიანთა ერთი პროცენტი მსჯელობდა და მსჯელობს ახლაც სხვანაირად.“

  • ,, გამომგონებლები და გენიოსები თავიანთი საქმიანობის დასაწყისში ( ძალიან ხშირად დასასრულსაც) მუდა მიაჩნდათ საზოგადოებაში უგუნურებად; ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია და ყველას მშვენივრად მოეხსენება. თუ, მაგალითად, ათეული წლების მანძილზე ყველანი თავიანთ ფულს ლომბარდში მიარბენინებდნენ და ოთ-ოთხ პროცენტობით იქ მილიარდები დააგროვეს, ცხადია, როცა ლომბარდი გაუქმდა და ყველანი საკუთარი ინიციატივის ამარა დარჩნენ, ამ მილიონების მეტი წილი სააქციონერო ციებ-ცხელებას და თაღლითებს უნდა შეეწირა, – რასაც წესიერება და უმწიკვლოებაც კი მოითხოვდა. დიახ, უმწიკვლოებაც; თუ უმწკივლო გაუბედაობა და ორიგინალობის უქონლობა ჩვენში დღემდე, ყველას აზრით, საქმიანი, რიგიანი კაცის უცილობელი თვისება იყო, უეცარი გადასხვაფერება მეტისმეტად ურიგო და უწესობაც კი იქნებოდა. აბა, მითხარით, რომელ მოსიყვარულე დედას არ გაუსკდება შიშით გული, თუ მისი ვაჟი ან ქალი გაკაფულ გზას გადაუხვევს :  ,, არა, შენი ჭირიმე, ორიგინალობას რა თავში ვიხლი ოღონდ ბედნიერად და  უზრუნველად იცხოვროსო.“

  • ,, ლაჩარი გარბის, ხოლო ვისაც ეშინია და მაინც არ გარბის, ის ლაჩარი არ არის.“

  • ,,დიდი სიხარულის წუთებში მუდამ სევდა მოერეოდა ხოლმე, რატომ, თვითონაც არ იცოდა.“

  • rogojini                                                                        პარფენ როგოჟინი და თავადი მიშკინი  ავტორი – ილია გლაზუნოვი                                              ”  კიდეც რომ გდომებოდა, იქნებ ვერც გენანა, არ გიყვარვარ და იმიტომ. ანგელოზივით რომ ვიყო შენთან, მაინც გეძულები, ვიდრემდე გეგონება, რომ შენ კი არა, მე ვუყვარვარ. მაშასადამე ეგ ეჭვიანობის ბრალია.“ – მიშკინი როგოჟინს.

  • ,, იცი, ქალს შეუძლია გულქვაობითა და დაცინვით ამოგხადოს სული, ისე, რომ სინდისმაც არ შეაწუხოს, იმიტომ რომ გიყურებს და გულში ფიქრობს : ” ახლა რომ ვაწამებ და ვამწარებ, სამაგიეროდ მერე სიყვარულით ვუზღვავო…“

  • „კაცი გამოსცადე და მერე შეაფასე.“

  • ,, რაღაცას რომ დათესავთ, “მოწყალებას” რომ გაიღებთ, სიკეთეს რომ იზამთ, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, თქვენი ბუნებიდან რაღაცას გაუზიარებთ სხვას და ისიც გიზიარებთ რაღაცას თვისას; ერთი მეორეს ეზიარებით; კიდევ ცოტაც და საზღაურად მიიღებთ ცოდნას, ყოვლად მოულოდნელ რასმე აღმოაჩენთ. საბოლოოდ კი ამ თქვენ საქმეს უთუოდ მიიჩნევთ მეცნიერებად, სიცოცხლის მისწრაფებად გექცევათ და მთელ ცხოვრებასაც ალბათ შეგივსებთ. მეორე მხრივ, ეგ თქვენი დათესილი აზრები, რაც იქნებ არც კი გახსოვთ, ცორცს შეისხამს და აღმოცენდება; თქვენგან ნაზიარები კი სხვას გადაეცემა. ჰოდა, რა იცით, რა წილი გედებათ კაცობრიობის მომავალ ბედ-იღბალში? ხოლო თუ ცოდნა და ამ საქმეს შეწირული მთელი ცხოვრება ბოლოს იქამდე აგამაღლებთ,რომ შესძლებთ უზარმაზარი თესლი ჩაყაროთ, ამ ქვეყანას მემკვიდრეობად დაუტოვოთ უზარმაზარი აზრი, მაშინ…“

  • ,,მარტო სიმართლეს უყურებთ, მაშასადამე უსამართლოდ სჯით.” – აგლაია თავად მიშკინს.“

  • „ვინც უარყოფს ცალკეული კაცის „სიკეთეს“, ის უარყოფს ადამიანის ბუნებას, აბუჩად იგდებს მის პიროვნულ ღირსებას. მაგრამ „საზოგადო სიკეთის“ ორგანიზაცია და პიროვნული თავისუფლების საკითხი – ორი სხავდასხვა რამ გახლავთ და ერთიმეორეს არ გამორიცხავს. ცალკეული სიკეთე არასოდეს მოისპობა, რამეთუ ის პიროვნების მოთხოვნილებას წარმოადგენს, რომელიც ერთი ადამიანის მეორეზე უშუალო გავლენიდან გამომდინარეობს.“

  • „ნუ განურისხდებით სასოწარკვეთილ, წყალწაღებულ ადამიანს იმისთვის, რომ უკანასკნელ იმედს ებღაუჭება თავის გადასარჩენად.“

  • ,,- თქვენი აზრით როგორ უნდა მოვკვდე?… რომ ჩემი სიკვდილი, ასე ვთქვათ, უფრო მადლიანი გამოვიდეს? აბა, მითხარით!- გაიარეთ და შეგვინდეთ ბედნიერება! – იპოლიტი თავად მიშკინს.“

  • ,,მირჩევნია უბედური ვიყო და ყველაფერი ვიცოდე, ვიდრე ბედნიერი და… გაბრიყვებული.“

  • ,, არიან ადამიანები, რომელთა მთლიანი დასურათება, მათი ტიპიური და სახასიათო ბუნების ერთბაშად გადმოცემა ძნელი საქმეა, ესენი ის ადამიანებია, ვისაც ჩვეულებისამებრ “ჩვეულებრივ” ადამიანებად “უმრავლესობად ნათლავენ და ვინც ყოველი საზოგადოების მართლაც დიდ ნაწილს შეადგენს. თავიანთ რომანებსა და მოთხრობებში მწერლები უმეტესად ცდილობენ, რომ ტიპები საზოგადოების წიაღიდან აიღონ და მხატვრულ სახეებად წარმოგვიდგინონ. ამ ტიპებს საოცრად იშვიათად შეხვდება კაცი სინამდვილეში მთლიანად გამოკვეთილს და მიუხედავად ამისა თითქმის ნამდვილზე უფრო ნამდვილნი არიან.“

  • ,,მართლაც იმაზე გულდასაწყვეტი არაფერია, როცა ვთქვათ, მდიდარიცა ხარ, კარგი გვარიშვილიც, გვარიანი შეხედულებისაც, არც განათლება გაკლია, არც ჭკუა, არცთუ კეთილი გული და ამავე დროს ნიჭი არაფრისა გაცხია, არაფრით გამოირჩევი, უხიაკსაც არავინ გიწოდებს, საკუთარი აზრი არ გაგაჩნია, ერთი სიტყვით, ხარ ის, ”რაც ყველა”. სიმდიდრე გაქვს, ოღონდ არა როტშილდის; კარგი გვარი, მაგრამ არა გამოჩენილი; შეხედულება გვარიანი, მაგრამ დიდი არაფრის გამომხატველი; განათლება მშვენიერი, მაგრამ არ იცი რაში გამოიყენო; ჭკუა მოუცია ღმერთს, მაგრამ საკუთარი ”აზრები” – არა, გული გაქვს, მაგრამ დიდსულოვნება – არა, ა.შ და ა.შ. “

  • ,, მისი სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ ვინც მოინდომებს, ყველა მოატყუებს და ვინც მოატყუებს, ყველას შეუნდობს. ამიტომაც შემიყვარდა იგი…“ – აგლაია თავად მიშკინზე.

პ.ს. უყურეთ ეკრანიზაციას – http://ymka.tv/publ/idiot_serial_2003/1-1-0-378

13 Comments leave one →
  1. January 19, 2014 8:45 am

    შესანიშნავი პოსტია.!

  2. Inna kh permalink
    April 16, 2014 8:23 pm

    Dzalian mikvars dostoevski, “idioti” chemi ert-erti usakvarlesi cignia. posti dzalian momecona❤ !!

  3. August 8, 2014 6:38 pm

    ახლა წავიკითხე ეს რომანი და არაჩვეუკებრივია,თავად ავტორია გენიალური❤ პოსტიც მშვენიერია…

  4. tornike permalink
    August 19, 2014 8:44 am

    kargi amonaridebia.mindoda wignis wakitxva da veparebodi, axla tamamad shemidzlia xelshi avigo es wigni.momawyura am postma.madloba didi.

  5. December 15, 2014 6:23 am

    ფიოდორი საუკეთესოა შეუძლებელია რომ იდიოტი ცუდი ყოფილიყო რადგან მისი ავტორი ეს გენიალური ადამიანია

  6. myshkin permalink
    April 11, 2015 7:20 pm

    თეოდორ არა, ფიოდორ.

    • April 11, 2015 7:22 pm

      ქართულ ენაზე ორივე მისაღებია

  7. mariami permalink
    October 26, 2015 1:47 pm

    მადლობა ამ პოსტისთვის .

  8. ნან permalink
    August 1, 2016 12:56 pm

    სრულყოფილებაა,როგორც დოსტოევსკის თითოეული ნაწარმოები,მიშკინი ნამდვილად ქრისტე მაცხოვრის განსახიერებაა,უბრალოდ დასასრულმა ისე შემძრა,რომ არ ვიცი,არ ველოდებოდი ასეთ დასასრულს,რადგან დოსტოევსკი ტრაგიკულად არ ასრულებს წიგნს,იმდენი ვიტირე მიშკინზე,პერსონაჟების სიმრავლე და სიღრმე უბრალოდ გასაოცარია,კარგი პოსტია ნამვილად❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: