Skip to content

რა არის მარტოობა  და  ღირს კი ამ კითხვაზე პასუხი რომანტიზმის მიმდინარეობაში ვეძიოთ?

January 11, 2015

aline

მიუხედავად იმისა, რომ  რომანტიზმის თემა თავის მხრივ  ძალიან ბევრ საინტერესო ასპექტს მოიაზრებს,  თავიდანვე შეუძლებლად მივიჩნიე მე, როგორც თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებ ადამიანს, ხელიდან გამეშვა შესაძლებლობა , რომელიც, საბედნიეროდ, ელვის სისწრაფით გადაიშალა ჩემ წინაშე  , მესაუბრა სხვადასხვა, ჩემი აზრით, ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე და არა  იმ თემაზე, რომელიც  განსაკუთრებით საინტერესო და დამაფიქრებელია ხელოვნების ამ კონკრეტული მიმდინარეობის განხილვისა და შეფასებისას.   კონკრეტულად რას მოიაზრებს მარტოობა, მარტოსულობა? როგორ ესმოდათ ეს თემა რომანტიზმის სხვადასხვა წარმომადგენლებს? რა იწვევდა მათში ამგვარ გრძნობებს? რაში ხედავდნენ  პრობლემის ( თუმცა, ვფიქრობ, მარტოობის  პრობლემად წარმოჩენა საკმაოდ სადავო საკითხია) გადაწყვეტის შესაძლებლობას და ა.შ. – ვფიქრობ, ეს საკითხები თანამედროვე ეპოქაშიც  მეტად აქტუალური და საინტერესოა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ არც ერთი ჩვენგანი არ ატარებს დროის დიდ ნაწილს იმაზე ფიქრში, თუ რას ნიშნავს მარტოობა ან რამდენად მაღალია მისი მარტოობის ხარისხი ან საერთოდ შეიძლება კი მარტოობა ხარისხებით იზომებოდეს, თითოეულ ჩვენგანს მაინც აწუხებს ეს თემა და, ვფიქრობ,  იგი ყოველთვის მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი იქნება ადამიანების ცხოვრებაში, რადგან  თუკი არსებობს გარემო, სადაც თითოეული ადამიანი ჯერ სუბიექტად, პიროვნებად აღიქმება, ხოლო შემდეგ კი რომელიმე საზოგადოების წევრად, ყოველთვის იარსებებს ერთგვარი შიში ან უბრალოდ განცდა იმისა, რომ საბოლოო ჯამში  საკუთარ თავთან ყველანი მარტონი ვართ.

მართალია, შეუძლებელია რომანტიზმის მიმდინარეობის სიღრმისეულად  შესწავლა ადამიანმა რამდენიმე დღის განმავლობაში მოახერხოს, თუმცა   ზოგიერთი   განსაკუთრებით თვალშისაცემი მომენტის შესახებ ინფორმაციის ქონა და მისი გაანალიზება, ვფიქრობ, აუცილებლად მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ ადამიანების  მიერ თავის დროზე რომანტიკოსებად წოდებულ ხელოვანთა შემოქმედებაში მკაფიოდ  ჩანს  ავტორთა აზროვნების განმასხვავებელი ნიშან-თვისებები იმ საკითხებზეც კი, რომლებიც, ერთი შეხედვით მათთვის საერთო ან ნაკლებად განსხვავებული მაინც უნდა იყოს, რადგან ისინი ერთი და იმავე მიმდინარეობას ეკუთვნიან. თუმცა ჩვენ დღეს განვიხილავთ მაგალითს იმისას, თუ რამდენად განსხვავებულად აღიქვამდნენ რომანტიზმის წარმომადგენლები მარტოობის  თემას. ეს კი განსაკუთრებით დაგვეხმარება პასუხი გავცეთ თემის სათაურად შერჩეულ შეკითხვას.

ვფიქრობ, მარტოობის იდეის განსხვავებულად გამოხატავს ორი ერთი და იმავე მიმდინარეობის, თუმცა  სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლის , ქართველი – ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ამერიკელი-  ჯორჯ გორდონ ბაირონის ლექსები. გთავაზობთ ლექსებს:

Sad-and-Loneliness-Quotes-53195-statusmind.com

ჯორჯ გორდონ ბაირონი – მარტოსულობა

იჯდე კლდეებზე, გაჰყურებდე წყლებს და მთა-გორებს,
თუ როგორ იცვლის ტყე შუქ-ჩრდილებს ოდნავ, ნელნელა,
ადგილებს, რაც არ წარმოადგენს სამფლობელოებს
ჯერაც  კაცისას, ფეხიც ჯერ არ დაბიჯებულა;
ჯერაც უნახავ და მიუვალ მთაზე აცოცდე,
ჯოგებთან ერთად,  არ სჭირდება რომელთაც ბაგა;
ქაფიან ჩანჩქერს, ციცაბოებს გადაეყუდო,
ეს მარტოობა კი არ არის    –  გასაუბრება
ბუნებასთან  და ველურ ხმების მიყურადება.

მაგრამ როცა ხარ შუაგულში მოლაქლაქეთა,
გესმის ან ხედავ ამ ყველაფერს, გრძნობ თუ მოიცავ,
ხვდები –  მსოფლიოს დაქანცული ხარ  მოქალაქე,
სადაც არავინ დაგვლოცავს და ვერც შენ დალოცავ;
დიდებულების ნებიერო, სავსე ვარამით!
არავინ არის, ნათესავი მსგავსი  შეგნებით – 
არ ეპირფეროს სხვებს, თუ მათგან ელის წყალობას,
ბევრია მსგავსი მთხოვნელები და მლიქვნელები;
აი ეს არის სიმარტოვე – მარტოსულობა!

ნიკოლოზ ბარათაშვილი – „სული ობოლი“

 

ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,

ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას!

საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი,

ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

 

მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,

ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;

მაგრამ ერთხელ დაობლებული სული

მარად ითმენს უნუგეშობას კრული!

 

არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;

ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,

ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა,

ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!

 

ძნელი არის მარტოობა სულისა:

მას ელტვიან სიამენი სოფლისა,

მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,

ოხვრა არის შვება უბედურისა!

ჯორჯ გორდონ ბაირონის ლექსიდან გამომდინარე, ნათელია ის, რომ იგი მარტოობას არ აღიქვამს ისე, როგორც სოციალურსა და ფიზიკურ სიმარტოვეს – როცა არ შეუძლია ვინმეს დაელაპარაკოს,  ადამიანებთან კონტაქტის შესაძლებლობა არ აქვს.  მისი აზრით, ადამიანი იმ შემთხვევაშია მარტო, როცა იმყოფება სხვათა გარემოცვაში, ყველაფერს ხვდება, ყველაფერი ესმის, თუმცა იაზრებს იმას, რომ მისი ყოფნა არავისათვის ღირებული არ არის და არც მისთვისაა ვინმე ღირებული. მარტივად, რომ  ვთქვათ იგი მოკლებულია სიყვარულის უნარსაც, იმ გრძნობას, რომელსაც ვიქტორ ჰიუგო საკუთარ გენიალურ ნაწარმოებში „საბრალონი“ ასე ახასიათებს : „სამყაროს დაყვანა ერთადერთ არსებაზე, ერთადერთი არსების გაფართოება ღმერთამდე, აი სიყვარული.“   ბაირონის აზრით, მარტოობაა, როცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ძალიან კარგად გრძნობს, არ შეუძლია ამის შესახებ ვინმეს გაუზიაროს , ისაუბროს საკუთარი ემოციების შესახებ და არა იმიტომ, რომ მის ირგვლივ ადამიანები არ იმყოფებიან, არამედ იმის გამო, რომ მას უბრალოდ გვერდით არ ჰყავს თანამოაზრე, მსგვასი იდეოლოგიისა და ღირებულებების მქონე ადამიანი, „ნათესავი მსგავსი შეგნებით“ , რომელიც გულწრფელად გაიგებს ყველაფერს და არა მლიქვნელობით.

aloneeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee

სწორედ ასეთი ტრაგიზმითა და დრამატულობით გვიხასიათებს ბაირონი მარტოსულობის ცნებას, ხოლო ხალხის მიერ ქართული რომანტიზმის მნიშვნელოვან წრმომადგენლად აღიარებული ნიკოლოზ ბარათაშვილი სრულიად სხვა განცდების გამო იტანჯება. მისთვის მარტოობა, სულით ობლობა გულისხმობს ნათესავთა და მეგობართა არარასებობას მის ცხოვრებაში. შესაძლებელია, ერთი შეხედვით, ამ ორი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული პოეტის მარტოობისადმი დამოკიდებულება ვინმემ ერთმანეთთან გააიგივოს, თუმცა, ვფიქრობ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, თუნდაც იმიტომ,რომ ბარათაშვილის ლექსში წამოჭრილი პრობლემა გაცილებით მარტივი გადასაწყევტია, ვიდრე ეს ბაირონის ნაწარმოებში განხილული პრობლემის შემთხვევაშია.   ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ გაცილებით მარტივია იპოვნო უბრალოდ მეგობარი , ვიდრე იპოვო თანამოაზრე, რადგან ყველა ადამიანი განსხვავებულად აზროვნებს, განსხვავებული მსიწრაფებები და შეხედულებები აქვს, შესაბამისად, პოვნა თანამოაზრისა, რომელიც ყველაფერს გულწრფელად გაიგებს და არა პირფერობით საკმაოდ რთულია.  ამ ორი პოეტისა და კონკრეტული ლექსების შეპირისპირება, ჩემი აზრით, ემსახურება იმას, რომ დავინახოთ შემდეგი გარემოება : მარტოობა ძალიან ზოგადი ცნებაა და, შესაბამისად, ბუნებრივიცაა ის, რომ არ არსებობს საყოველთაო აზრი იმის შესახებ, თუ როგორი დეფინიცია და განმარტება მიესადაგება მას ყველაზე უკეთ.    თუ ვიმსჯელებთ ისე, რომ მარტოობა ზუსტად ის არის, რაც ნიკოლოზ ბარათაშვილს აწუხებდა, მაშინ შეცდომა არ იქნებოდა გვეფიქრა, რომ ადამიანთა უმეტესობა არ არის მარტო, თუმცა, ვფიქრობ, აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამება.

fight-club-copy_c9w7.1920

ჩემი ღრმა რწმენით, მარტოობა სწორედ ის განცდაა, რაზეც ბაირონი საუბრობდა, შეგრძნება უსარგებლობისა, ერთგვარი სიცარიელისა, საკუთარი მოსაზრებების ფუჭად დახარჯვისა და ა.შ.    ვფიქრობ, ამერიკელი პოეტის ამ ლექსს ერთგვარად ეხმიანება ასევე ამერიკული ფილმი, სახელად მებრძოლთა კლუბი, რომლის მთავარი გმირიც, ვფიქრობ, სწორედ მარტოსულობით იტანჯება და ეს განცდები უბიძგებს მას დაბალი თვითშეფასების ფორმირებისაკენ. საბოლოოდ კი ყველაფერი მიდის იქამდე, რომ გმირი, რომლის სახელიც ფილმში არ ჩანს, შექმნის მის ალტერ-ეგოს, რომელიც არის ისეთი, როგორიც თავად სურდა, რომ ყოფილიყო.  იგი თავადვე მიდის ამ გადაწყვეტილებამდე, მართალია, გაუაზრებლად, თუმცა მისი ცხოვრების ამ ყველაზე ამაღელვებელ გადაწყვეტილებას იგი სწორედ თავად იღებს.  მებრძოლთა კლუბი გაერთიანებაა ადამიანებისა, რომლებიც საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს ებრძვიან, ადამიანებისა, რომლებსაც გარემოპირობების გამო არ მეიცათ შესაძლებლობა საკუთარი თავი და უნარი ბოლომდე გამოემჟღავნებინათ და  თვითრეალიზების საჭირო დონისათვის მიეღწიათ. მებრძოლთა კლუბი, ვფიქრობ, გამაერთიანებელია სწორედ მარტოსული ადამიანებისა, რომლებიც ასეთ ვითარებაში ალბათ საზოგადოებისა და  გამეფებული მოსაზრებების გამო აღმოჩნდნენ.  ეს ფილმი ერთგვარი პროტესტია კონკრეტული ინდივიდებისა საზოგადოების მიმართ.  იგი ასევე კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად სხვადასხვავარი პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანს, რამდენად გასნხვავებული მიზეზეზების გამო შეიძლება მას თავი მარტოსულად მიაჩნდეს, თუმცა, ვფიქრობ, ამ თემის ამოსავალი წერტილი ერთია – რეალური მარტოობა არის ის, როცა იდეურად მარტო ხარ, არავის შეუძლია გაიაზროს და გაიზიაროს ის აზრები, რომლებიც შენ გაწუხებს და, ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის ყველა ადამიანი საკუთარ თავთან მარტო, უბრალოდ  ე.წ. მონათესავე სულები ზოგჯერ გვიქმნიან ილუზიას, თითქოს მარტონი არ ვართ და რომ ჩვენს იდეებს ვიღაც იზიარებს და ყველაფერი ზუსტი ზედმიწევნით ესმის, თუმცა შეუძლებელია ყოველი დეტალი ერთი ადამიანის შესახებ მეორისათვის ბოლომდე გასაგები, მისაღები იყოს.

სწორედ ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, რომ, მიუხედავად რომანტიზმის მიმდინარეობის გამორჩეულობისა და მნიშვნელობისა მსოფლიო ხელოვნების განვითარებაში, მარტოობის შესახებ ზუსტი პასუხი არც ამ მიმდინარეობის შემოქმედთა აზრებში არ უნდა ვეძიოთ.  ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გავეცნოთ მათ ნამუშევრებს, რაც, ბუნებრივია, დაგვეხმარება სხვადასხვა თემაზე უკეთ დაფიქრებასა და გააზრებაში, თუმცა საბოლოო დასკვნა გარკვეული თემების შესახებ თავად ჩვენ უნდა გამოვიტანოთ. ასეთ თემათა რიცხვს კი მარტოობა პირველ რიგში მიეკუთვნება.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: