Skip to content

მომავალი ადვოკატის დღიურებიდან

February 12, 2015

intellectual_property_lawyer_1

“განათლების დიადი მიზანი არა ცოდნა, არამედ მოქმედებაა.“ არც ერთ პროფესიას არ მიესადაგება ეს გამოთქმა ისე კარგად, როგორც იურისტის საქმიანობას. ჩვენ ვსწვლობთ, ვსწავლობთ ძალიან ბევრს, ვეცნობით სამართლის სისტემის ამოსავალ წერტილს  -კონსტიტუციას, სამოქალაქო კოდექსსა  თუ სხვა სამართლებრივ ნორმებს, თუმცა ეს ერთი შეხედვით მარტივი ქმედებები ადამიანების თვალში  სრულიად სხვაგვარად ჩანს ხოლმე. მართალია, მე როგორც სამართლის სკოლის პირველკურსელს,ჯერ არ მაქვს საკმაო გამოცდილება, რათა აბსოლუტური სიზუსტით ვისაუბრო იმაზე, თუ რას ნიშნავს იურისტობა, თუმცა ერთი და ყველაზე მთავარი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ იურისტის საქმიანობა მხოლოდ მუხლების ზეპირად ცოდნას კი არ გულისხმობს ( არც არის აუცილებელი ყველა სამართლებრივი ნორმის დაზუთხვა), არამედ მოქმედებაა მთავარი, რადგან სასამართლო პროცესები სწორედ პრაქტიკასა და მოქმედებასთან ასოცირდება. ამას მე, ადამიანი, რომელიც უკვე წლებია სამართლის სფეროთი ვარ დაინტერესებული, განსაკუთრებით და საბოლოოდ მას მერე მივხვდი, რაც მივიღე  უდიდესი გამოცდილება და, დამღლელი და გასაოცრად გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გვერდზე გადავდე ყველაფერი და  თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონკურსის „დანაშაული და სამართალი“ მონაწილე გავხდი.

ახლანდელი გადმოსახედიდან  რომ მოგიყვეთ, რა დანიშნულების იყო პროექტი ჩვენთვის, შესაძლოა, ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდეს, ამიტომ გთავაზობთ ძალიან გულწრფელ და შეულამაზებელ ჩანაწერებს იმ ჩემთვის ძალიან ძვირფასი პერიოდიდან.

e

ჩანაწერი 1

დღეს ჩემი მასწავლებლისაგან შევიტყვე, რომ  თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა კონკურსს აწყობს აბიტურიენტებისავის , სახელად „დანაშაული და სამართალი“. მაშინვე გავეცანი პირობებს და აღტაცებისაგან ადგილს ვეღარ  ვპოულობდი ( ზოგადად ასე მჩვევია ხოლმე), თუმცა თან შიშმაც შემიპყრო. არ ვიცოდი დავრეგისტრირებულიყავი თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ მცირედი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში, კონკურსის პირობების ნახვისთანავე მივხვდი, რომ ეს რაღაც სერიოზულია და რომ მონაწილეობის მიღება ძალიან ბევრ რამეს შეცვლის ჩემს ცხოვრებაში. იურისტობა დიდი ხანია მინდა, მაგრამ ბოლომდე არც ვარ ალბათ დარწმუნებული რამდენად კარგად გამომდის ეგ საქმე. სკოლას მალე ვამთავრებ, ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ყველაფერი ცვლება, ვამჩნევ როგორ იქცევა პროფესიასთან დაკავშირებული ოცნებები მიზნებად და წამიერად იმასაც ვუფიქრდები, რომ როგორც მომავალ იურისტს უზარმაზარი პასუხისმგებლობის განცდა უნდა მქონდეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების წინაშე, ადამიანებისა, რომელთა დახმარებაც ალბათ ყველაზე პრიორიტეტულია ჩემთვის.

იმასაც ვხვდები, რომ კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმა საკუთარ თავთან თამაში და გაქცევის ტოლფასია, რადგან ( მოდი მივცემ თავს უფლებას ვიყო ზედმეტად ბანალური და ვიტყვი) If you never try, you will never know.

ჩანაწერი 2 ( სამი საათის შემდეგ )

დავრეგისტრირდი და საკუთარი თავით ვამაყობ! მოვისმინე ძალიან ბევრი წუწუნი მშობლების მხრიდან, რომ აბიტურიენტობას მოვცდები, დრო დამეხარჯება, რომ შეიძლება ყველაფერი ცუდად დამთავრდეს, მთავარი რომ ჯერ უნივრსიტეტში ჩაბარებაა და ა.შ, მაგრამ ჩემმა ურყევმა გადაწყვეტილებამ საბოლოოდ შეძლო და ისინიც დაარწმუნა იმაში, რომ ეს ზუსტად ის არის, რაც მე მჭირდება, მე, როგორც მომავალ იურისტსა და ორი გარდამავლი პერიოდის – ბავშვობისა და პროფესიული წინსვლის გასაყარზე არსებულ ერთგვარ ხიდზე მდგომ ჯერ კიდევ საბოლოოდ ჩამოყალიბებას მოკლებულ ადამიანს.

ჩანაწერი 3

დღეს  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში – კონკურსის შესარჩევი ეტაპი დაიწყო. გუშინ ძალიან ვნერვიულობდი, ემოციებსაც ვერ ვფარავდი, მაგრამ მერე,საბედნიეროდ, როგორღაც მივედი იმ დასკვნამდე, რომ მთავარია როგორ განწყობას შევიქმნიდი და წარმოვიდგინე, რომ უკვე ზრდასრული და ჩამოყალიბებული იურისტი ვიყავი. პროკურორის შესავალი სიტყვა უნდა მოგვემზადებინა, დრო მხოლოდ 5 წუთი იყო. თავიდან ძალიან შემაშინა ხუთმა წუთმა, ცოტად მომეჩვენა, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ  მთავარ რაღაცებზე უნდა გამესვა ხაზი და თან დართულ მასალებს უნდა მივყოლოდი, ინსტრუქციებიც უნდა გამომეყენებინა ზედმიწევნით და ყველაფერი გამომივიდოდა.  ასე ნელ-ნელა მივხვდი, რომ  შესავალი სიტყვის დაწერა არც  ისე რთული ყოფილა, როგორიც თავიდან მეგონა.  ორ დღეში ყველაფერი საბოლოოდ მოვამზადე და როცა შესარჩევი ეტაპის დღე მოახლოვდა,  რატომღაც ამეკვიატა  მამაჩემის სიტყვები, რომ  იმისათვის, რომ რამე კარგად გამოგვივიდეს აუცილებელია პირველ რიგში მონდომება და ულევი ენთუზიაზმი. ჩემს თავს აშკარად ვამჩნევდი, რომ ორივე სათანადო დოზით მქონდა, რამაც თავდაჯერებულობა კიდევ უფრო შემმატა. ჰოდა დღეს რომ მივდიოდი  უნივერსიტეტში, რომელშიც სწავლაზე   უკვე დიდი ხანია ვოცნებობ  ( ჩემს ამ მოსაზრებას ოჯახიც უჭერს მხარს და მეტიც თავდაპირველად მამაჩემთან საუბრისას დამებადა აქ ჩაბარების სურვილი), გულის ცემა გაორმაგდა, თუმცა არა, არ ვიცი რა დაემართა გულისცემას, ფაქტი ისაა, რომ  ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს  მივდიოდი იქ, სადაც მთელი ჩემი მომავალი კარიერა წყდებოდა. მიუხედავად შინაგანი მღელვარებისა, აუდიტორიაშიც თამამად შევაბიჯე და დავიწყე. ალბათ სიტყვებით შეუძლებელია იმისი გადმოცემა, თუ რამდენად  სასიამოვნო იყო იმისი განცდა, რომ სამი ადამიანი, რომელიც ჟიურის ფუნქციის შემსრულებელი იყო, გულდასმით მისმენდა და მათ გამოხედვაში აშკარად ვკითხულობდი იმას, რომ ყველაფერი კარგად გამომდიოდა, ვკითხულობდი  თითქოს გამხნევებასაც.

ჩემი შესავალი სიტყვის წარდგენა რომ დავასრულე, ცოტათი ავნერვიულდი, ერთ მომენტში თითქოს ხმა მიკანკალებდა და ბოლოს ვთქვი კიდეც, რომ ცოტათი ვინერვიულე-თქო. პასუხმაც არ დააყოვნა –  ერთ-ერთმა ჟიურის წევრმა მითხრა, რომ არაფერი გემჩნეოდა ნერვიულობისო. აუდიტორიიდან ბედნიერი გამოვედი და აბსოლუტურად ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ეს იყო დღე, როცა  ორთაბრძოლაში, რომელიც თავად გავმართე საკუთარ თავთან, ძლიერმა მარიამ ორჟონიამ გაიმარჯვა,  ადამიანმა, რომელსაც ამის შემდეგ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით არც არაფრის შეეშინდებოდა. ტელეფონი ავიღე და მამაჩემს დავურეკე. უბრალოდ ვუთხარი, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დანარჩენს თავად მიხვდა, რადგან  სულ რაღაც ათი წუთის წინ პროკურორის ამპლუაში მყოფი მარიამი ჩვეულებრივ პატარა ბავშვად იქცა, რომელიც ბედნიერებისაგან ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, რაც მამაჩემს, ბუნებრივია, არ გამოპარვია.

1972417_828282390534002_3782703514200870371_n

ჩანაწერი 4

არც ვიცი როგორ უნდა დავიწყო წერა. ზოგადად მსგავსი რაღაცები იშვიათად მჩვევია ხოლმე,რადგან  იშვიათად და ალბათ არც არასდროს ვარ ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ, როგორც ახლა.  აქამდე არასდროს არსად მინახავს ამდენი ადამიანი, რომელთაც  დაახლოებით ისეთივე ინტერესების სფერო აქვთ, როგორიც მე, რაც, ბუნებრივია, მათთან ურთიერთობას აადვილებს. აქ ყველას ერთმანეთთან საქმე გვაკავშირებს და ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ თავბრუდამხვევადაც მეჩვენება. მე და ჩემი გუნდის წევრები  საქმიან საკითხებზე ისე ვმსჯელობთ, თითქოს მაიორი თალიბანაშვილი და რურატას სახელმწიფო რეალურად არსებობს და მათი ბედი ჩვენს ხელშია. ლექტორების მხრიდანაც ვგრძნობთ, რომ უკვე პატარები აღარ ვართ, ბევრი რამ შეიცვალა, რომ ჩვენი აზრი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ შევცვალოთ. ეს ყველაფერი კი, რაც მთავარია, არ კეთდება იმისათვის, რომ ეს უბრალოდ ასე უნდა იყოს, კეთდება იმიტომ,რომ ამისი უდიდესი სურვილი და ენთუზიაზმი არსებობს.

როცა საქმეზე ვმუშაობთ ისიც კი მავიწყდება, რომ ჯერ მხოლოდ ჩვიდმეტი წლის ვარ. სახლშიც იმდენად აღტაცებული ვსაუბრობ საქმეზე, ხუმრობით ქალბატონო  ადვოკატოთიც მომმართავენ ხოლმე. ადრეც მჩვეოდა, მაგრამ განსაკუთრებით ახლა  მივყავი ხელი დროის მენეჯმენტს. ყოველ საღამოს შემდეგი დღის გეგმას დეტალურად ჩამოვწერ ხოლმე და, მიუხედავად იმისა, რომ ადრე  ამდენი საქმე არ მქონდა,  დრო ფუჭად მაინც მეკარგებოდა, ახლა ყველაფერს ვასწრებ. საკუთარ თავს ვამჩნევ, რომ მთავარი,რაც ამ პროექტმა მასწავლა ისაა, რომ არ არსებობს ცოტა დრო ან ბევრი სამუშაო და რომ კარგად დაგეგმვის შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია.

1888575_824782710883970_4517626221282531759_n

ჩანაწერი 5

დღეს  კონკურსის ყველაზე საინტერესო ნაწილი   – იმიტირებული პროცესები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ, ვფიქრობ, კარგად ვიყავით მომზადებულები, ნერვიულობის განცდა თითოეულ ჩვენგანს მაინც გვეუფლებოდა, რაც ალბათ ბუნებრივიცაა. მანამდე ბევრი ადამიანისგან მსმენია და ბევრი ვიდეოც მინახავს სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ სულ სხვაა, როცა თავად ხარ ამ ყველაფრის მონაწილე. როგორც კი  პროცესი იწყება, თითქოს სრულიად სხვა ადამიანი ხდები, ადამიანი, რომელიც ძალაუნებურად გვერდზე დებს   ყველა პირად ემოციას  და ბოლომდე იმ საქმითაა მოცული, რომელზეც  ამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდა. გუნდიც ისეთი შეკრული ხდება პროცესების დროს, თითქოს ხუთ ერთმანეთისაგან განსხვავებულ ადამიანს ერთნაირად უფეთქავდეს გული, რაც, ბუნებრივია, იმითაა გამოწვეული, რომ  მათ საერთო მიზანი ამოძრავებ და სწორედ ეს მიზანია მათთვის უზენაესი.  ჩვენი გუნდის წვრებმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ კონკურსის ბოლომდე სრული შემადგენლობით, ხუთნი, დავრჩენილიყავით და გუნდურობა შეგვენარჩუნებინა.  ხუთივე ჩვენს ტრენერთან ერთად დღე და ღამე ვმუშაობდით. ისიც მახსენდება შუა ღამე ანევრიულებულები ერთამენთს რომ ვურეკავდით და ვამოწმებდით ყველაფერი კარგად იყო თუ არა. თითოეულ მათგანს ვამჩნევდი, რომ  მათთვის მთავარი არა საკუთარი თავი, არამედ გუნდის გამარჯვება იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მე პირველად სწორედ ამ კონკურსის განმავლობაში გავიაზრე და პრაქტიკაში გამოვცადე კონფუცის შემდეგი ფრაზის ზუსტი მნიშვნელობა : “აირჩიეთ ისეთი სამუშაო, რომელიც გიყვართ და არცერთი დღე არ მოგიწევთ მუშაობა”.

რა ხდება ახლა?

რაც თავისუფალ უნივერსიტეტში  ჩავაბარე, უკეთ მივხვდი, თუ რა დანიშნულება ჰქონდა კონკურსს “დანაშაული და სამართალი” ჩემს ცხოვრებაში.  გარდა  კონკურსში მოპოვებული სასწვალო გრანტისა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გამომიმუშავდა ბევრი ისეთი უნარ-ჩვევა, რასაც ალბათ გაცილებით ხანგრძლივი დრო დასჭირდებოდა პოექტში მონაწილეობა რომ არ მიმეღო. ბუნებრივია ის ფაქტი, რომ სტუდენტის ცხოვრება, განსაკუთრებით კი  სამართლის სკოლის სტუდენტის ცხოვრება, პრეზენტაციების გაკეთებასთან,  თუნდაც საჯაროდ გამოსვლასა და აზრის დაფიქსირებასთან ასოცირდება, რაც არც ისეთი ადვილია, როგორიც ეს ერთი შეხედვით  ჩანს. ( ვგულისხმობ ამ ყველაფრის ხარისხიანად გაკეთებას). პროექტმა კი პირველ რიგში თავდაჯერებულობა შემმატა და  კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ იურისტობა სწორედ ის საქმიანობაა, რომელიც აუცილებლად უნდა ამერჩია. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ როდესაც ცხოვრებაში ბევრ პრობლემას წავაწყდები ხოლმე, ჩემს ერთგვარ გადამრჩენელად სწორედ ეს საქმიანობა მევლინება, რადგან ჩემი პირადი სივრცე, რომელზეც, ვფიქრობ,  ვერავინ მოახდენს გავლენა, სწორედ სამართალთან ასოცირდება. ეს იწვევს  მუდმივ შეგრძმნებას იმისა, რომ დამოუკიდებელი ვარ ,ან ასე თამამადაც რომ არ ვთქვა, ნაკლებად ვარ რაღაც ფაქტორებზე დამოკიდებული, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა. ეს ყველაფერი კი სწორედ კონკურსის დამსახურებაა, რადგან ჩემი ცხოვრების სწორედ ამ პერიოდმა განაპირობა ჩემი, როგორც პროფესიული კუთხით, ასევე პიროვნული ზრდაც.

One Comment leave one →
  1. July 21, 2015 8:39 am

    მარი ძალიან მომწონს შენი ბლოგი :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: