Skip to content

მოგზაურობა ძველ რომში

February 21, 2015

1835558fa77e0b64fecb236e3f16afd5

ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში მცხოვრები ადამიანთა უმეტესობა დიდ ენთუზიაზმსა და მონდომებას გამოიჩენს, თუ მიეცემა შესაძლებლობა რამდენიმე საათით ძველ რომში გადაინაცვლოს და საკუთარი თვალით ნახოს მისი არქიტექტურული ღირშესანიშნაობები, გაესაუბროს ხალხს და ნათლად წარმოიდგინოს, თუ როგორი იყო იმდროინდელი მსოფლიოს პოლიტიკური, სავაჭრო და ხელოვნების ცენტრი.

ძველ რომს მრავალ ქვეყანასთან ჰქონდა მჭიდრო სავაჭრო კავშირი, იგი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცენტრადაც ითვლებოდა და,რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, გამოირჩეოდა სპეციფიკური არქიტექტურული თავისებურებებით, რაც მნახველის შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამძაფრებდა. ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ყველა რომისაკენ მიეშურებოდა, „ყველა გზა რომისაკენ მიდიოდა.“

ძველი რომის მოსახლეობა თითქმის ერთ მილიონს აღემატებოდა. დროში მოგზაურობის შედეგად ამ მარადიულ ქალაქში გადანაცვლებული თანამედროვე ადამიანი მაშინვე შეამჩნევდა ერთ თავისებურებას : ქალაქის მიხვეულ-მოხვეული ქუჩები ძირითადად 5-6 სართულიანი სახლებით იყო სავსე. რომის მოსახლეობის უმრავლესობაც, შესაბამისად, ასეთ სახლებში ცხოვრობდა, თუმცა, როგორც ისტორიული ცნობები მოწმობენ, ამ სახლებში ცხოვრება სახიფათო ყოფილა, რადგან ბევრი მათგანი დაუდევრად ჩატარებული სამშენებლო გამოთვლების გამო დანგრეულა. სწორედ ამიტომ, რომაელებს ჭკვიანური ხერხისათვის მიუმართავთ და გამოუციათ ბრძანება, რომელიც საცხოვრებელი სახლების მაქსიმალურ სიმაღლეს ადგენდა.

რომაელების უმრავლესობისაგან განსხვავებით, წარჩინებულები გაცილებით უსაფრთხოდ, მდიდრულ და დიდებულ სახლებში ცხოვრობდნენ და მათ არაფერი ემუქრებოდათ.  ამ ნაკლებად ყურადსაღებმა თავისებურებამ კარგად გამოკვეთა ის სოციალური უთანასწორობა, რომელიც ძველ რომში  იყო.

ძველ რომში გადანაცვლებული თანამედროვე ადამიანიც კი გაოცდებოდა  რომაული არქიტექტურული ძეგლებითა და საინჟინრო მიღწევებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის უკვე წარმოუდგენელია,  განვითარების იმგვარ პირობებში, როგორიც დღესაა, ადამიანმა ნებისმიერი ჩანაფიქრის რეალობად ქცევა ვერ შეძლოს.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, დროში გადანაცვლებულ მოგზაურზე, იმ მრავალ გასაოცარ ქმნილებათაგან, რომლებისთვისაც უზომო სიამაყითა და საკუთარი წარმომავლობის განდიდების მანიით შეპყრობილ რომაელ ხალხს უნდა ვუმადლოდეთ, ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას  მაშინ, ისევე, როგორც ახლა, ტიტუსის თაღი მოახდენდა. საბედნიეროდ, დრო უძლური აღმოჩნდა ამ ნაგებობის წინაშე და დღემდე შემოგვინახა იგი , შესაბამისად, ჩვენს პირობითად დროში მოგზაურ ტურისტს დღევანდელობაშიც აქვს მისი ხილვის შესაძლებლობა.

e183a2e18398e183a2e183a3e183a1e18398e183a1-e18397e18390e183a6e18398

თაღი ჩვ.წ. აღ.- 81 წლით თარიღდება. დღეს მის სანახავად უამრავი ტურისტი იყრის თავს, თუმცა ოცდაორი საუკუნის წინ  იგი სულ სხვა დანიშნულებით ააგეს. მას რომაელმა ხალხმა სიმბოლური დატვირთვა მიანიჭა – თაღი იერუსალიმის დაპყრობის, იუდეველთა აჯანყების ჩახშობის აღსანიშნავად იქნა აგებული იმპერატორ ტიტუსის ბრძანებით.  სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ  ებრაელი ტურისტების უმეტესობა დღესაც კი ქალაქის სტუმრობისას გვერდს უვლის და არ ეკარება ამ თაღს.  ეს რომაული თაღი შემდგომში ბევრი სახელმწიფოს შთაგონების წყარო გამხდარა და მან საყოველთაო მნიშვნელობა მიიღო.

ტიტუსის თაღის მარმარილოს რელიეფებზე გამოკვეთილია სადღესასწაულო მსვლელობის სცენები, რომლებზე დაკვირვება მნახველს იმ დასკვნამდე მიიყვანდა, რომ რომაელი მოქანდაკე მიზნად ისახავდა არა მარტო გამარჯვებით გამოწვეული სიხარულის გადმოცემას, არამედ მისი მთავარი გათვლა სხვადასხვა დეტალის ზედმიწევნითი იდეალურობით გადმოცემა იყო.  ამ შემთხვევაში მოქანდაკემ საკუთარი ყურადღების საგნად აქცია კოსტიუმის, იარაღისა და ალაფის დეტალურად გამოხატვა. გამარჯვებული რომაელი ლეგიონერები, რომლებსაც დაპყრობილ ქალაქთა სახელებით სავსე ტაბულები მიაქვთ, დაფნით არიან მორთულნი, რაც ასევე გამარჯვების სიმბოლოა.  ჯარისკაცების ჟესტები თითქოს ენერგიული და მოუხეშავია, მოკლებულია ყოველგვარ პლასტიკურობასა და სილამაზეს, რაც, ვფიქრობთ, ავტორის ჩანაფიქრს მკაფიოდ გამოკვეთავს. ჩემი აზრით, მოქანდაკეს ამ დეტალით სურდა ნათლად გამოეხატა რომაელი ხალხის მებრძოლი ბუნება. აქვე შეგვიძლია დავინახოთ მნიშვნელოვანი განსხვავება საბერძნეთის ხელოვნებასა და რომაულ ხელოვნებას შორის. საბერძნეთი პატარა ქვეყანა იყო, ხოლო რომი კი მრავალი ხალხისა და ქვეყნის დამპყრობი სახელმწიფო, რაც ნათლად ვლინდება ამ ორი ხალხის ხელოვნებაშიც. ბერძენთა ქანდაკებებს, რომაელთაგან განსხვავებით, პლასტიკურობა, სილამაზე ახასიათებთ. ამისი თვალსაჩინო მაგალითია პართენონის ქანდაკებები.

შეუძლებელია რომში ჩასულმა ტურისტმა გვერდი აუაროს კოლიზეუმის  ნაგებობას, ანუ, როგორც თავად რომაელები უწოდებდნენ „კოლოსეუმს“. ნაგებობის ამ სახელს თავისი ისტორია აქვს. ადრე, შორეულ წარსულში, ქალაქ რომის ამფითეატრის მახლობლად იდგა  მზის ღმერთის, ჰელიოსის, უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთზე, როდოსის კოლოსზე, ორი მეტრით მაღალი იყო.  სწორედ ამ ქანდაკების გამო ამფითეატრს კოლიზეუმი ეწოდა.

romis koliz

ეს კოლოსალურად დიდი ნაგებობა ორმოცდაათი ათასზე მეტ მაყურებელს იტევდა. იგი გათვლილი იყო სხვადასხვა წარმოდგენების გასამართად, რაც რომაელი ხალხისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრიბუტს წარმოადგენდა.  “მიეცით ხალხს პური და სანახაობა “ -ამბობდა იმპერატორი გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი ძვ. წ I საუკუნეში. აქ იმართებოდა გლადიატორთა ბრძოლები და ასევე საცირკო წარმოდგენები.  გადმოცემის თანახმად, კოლიზეუმის გახსნა რომაელებს სწორედ გლადიატორთა შერკინებებით აღუნიშნავთ.  ეს შენობა მრავალჯერ ყოფილა მომსწრე იმ სასტიკი ორთაბრძოლებისა, რომლებიც იმართებოდა თავად გლადიატორებს შორის ან გლადიატორსა და სხვადასხვა ცხოველს შორის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დამარცხებული, თუმცა ცოცხლად დარჩენილი გლადიატორის ბედს თავად მაყურებელი წყვეტდა. თუ მაყურებელთა უმრავლესობა ცერა თითს მაღლა ასწევდა, გლადიატორი ცოცხალი გადარჩებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიღუპებოდა.  ერთ- ერთი ცნობილი გლადიატორი იყო სპარტაკი, რომელმაც სხვა „თანამოძმეთაგან“ გასნხვავებით, დიდი კვალი დაატყო რომის ისტორიას. სწორედ სპარტაკის ისტორია გახდა შთაგონების წყარო მეცხრამეტე საუკუნის იტალიელი მწერლის, რაფაელო ჯიოვანოლისათვის, რომელმაც დაწერა რომანი „სპარტაკი“.

კოლიზეუმს, რომელიც თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ თანამედროვე სტადიონების წინაპრად, ცენტრში ელიფსური არენა ჰქონდა, რომელსაც ზოგჯერ აუზის ფუნქციითაც იყენებდნენ. ზედა იარუსზე ჩამწკრივებული იყო ანძები .  კოლოსალურ ელიფსს გარს ერტყა ორას ორმოცი თაღი და სამი იარუსი. პირველი იარუსი დორიული ნახევარსვეტებით იყო დამშვენებული, რაც თითქოს საფუძველია იმისა, რომ ვიფიქროთ მსგავსებაზე ამ სვეტებსა და პართენონის სვეტებს შორის, თუმცა საბერძნეთში სვეტებს სხვა დანიშნულება ჰქონდათ. საბერძნეთში სვეტი საყრდენს წარმოადგენდა, ხოლო რომში კი მას დეკორატიული დატვირთვა ჰქონდა.  კოლისეუმის ნახევარსვეტები  მწკრივში ჩამდგარ სამხედრო აღლუმზე გამოყვანილ ჯარისკაცებს მოგვაგონებენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რომაელთა მებრძოლ სულისკვეთებას.  მწკრივში ჩაწყობილი ეს სვეტები თითქოს ასევე ხაზს უსვამენ მისი შემქნელის პიროვნულ სიმტკიცესა და ურყევ ძალას.

Circular_Roman_Bath,_Bath,_c1900

რომი მნახველს აუცილებლად გააოცებდა თავისი აბანოებითაც. ერთ-ერთი აბანოს ფართობი ცამეტი ჰექტარი იყო და მას სამი ათასი კაცის მიღება შეეძლო, რაც ცხადყოფს იმას, რომ რომაელები საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მსგავსი ტიპის ნაგებობებს, თუმცა ეს არ ყოფილა გამოწვეული მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით. ეს ფაქტი ნაწილობრივ იმითაც იყო განპირობებული, რომ იმ დროს ბევრ რომაელს სახლში გამდინარე წყალი არ ჰქონდა.

გამოყენებული წყალი აბანოდან საკანალიზაციო მილებში სპეციალურად შექმნილი  აკვედუკებით ჩაედინებოდა და რეცხავდა მას ჭუჭყისა და ნარჩენებისაგან. იმავე წყლით ირეცხებოდა შენობაში არსებული საპირფარეშოებიც. „ამ უბადლო თაღებიან ნაგებობათაგან, რომელთაც უსაზღვროდ დიდი რაოდენობით წყალი გადააქვთ, ახლოსაც ვერ მივა არაფრის მაქნისი პირამიდები და ბერძნების გამოუსადეგარი ცნობილი ნაგებობები.“ – ასე დაახასიათა ახ.წ.აღ. 35-103 წლებში მოღვაწე რომის სახელმწიფო მოხელე სექტუს იულიუს ფრონტუსმა აკვედუკები.

მილების უმეტესი ნაწილი მიწაში იყო ჩაფლული, ხოლო თაღები ამ ნაგებობების საკმაოდ მცირე ნაწილს შეადგენდა. ეს სტრუქტურა, ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანურად  იყო მოფიქრებული, რადგან მას არაერთი დატვირთვა ჰქონდა : იგი დაჟანგვისაგან იცავდა აკვედუკებს, ასევე საგრძნობლად ამცირებდა მინდვრების დაზიანების რისკს და, შესაბამისად,  არც გარშემო მცხოვრებ ხალხს არ უქმნიდა საფრთხეს. ზოგადად აკვედუკების აგების პროცესი ზედმიწევნით იყო გათვლილი. მის აშენებამდე ინჟინრები ამოწმებდნენ წყლის ხარისხს, ადგენდნენ მის სისუფთავეს, აკვირდებოდნენ იმ ხალხის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინც ამ წყალს სვამდა და, აგრეთვე, ისინი ითვალისწინებდნენ სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან დეტალებსაც. სწორედ ამიტომ, აკვედუკების მშენებლობა დროში გაწელილი პროცესი იყო და, შესაბამისად, დიდ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს რომაელი ხალხის ბუნებასა და მათ დაჟინებულ სურვილსა და სწრაფვას ყველაფრის იდეალურად გაკეთებისა.  რომაელი ხალხი ჩემთვის ერთგვარად პერფექციონიზმით შეპყრობილ ადამიანებთანაც ასოცირდება, თუმცა ალბათ სწორედ მათი ეს თვისება გახდა მიზეზი იმ მიღწევებისა, რომლებსაც მათ მიაღწიეს. აკვედუკებიც დღესაც, ოცდამეერთე საუკუნეში, ინჟინერიის ერთ-ერთ მთავარ საოცრებად ითვლება.

220px-Kolumna_Aureliusza

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც, სხვათა მსგავსად, მნიშვნელოვნად ხსნის იმ ფაქტს თუ რატომ იყვნენ   რომაელები მეტად ამაყნი და ამპარტავანნი , არის ტრაიანუსის სვეტი.  ამ სვეტის ხილვისას ჩვენი დროში მოგზაური აუცილებლად დარწმუნდებოდა იმაში, რომ რომაელთა წარმოდგენა საკუთარ წარმომავლობასა და კულტურაზე მთლიანად განდიდების მანიით არ ყოფილა გამოწვეული და რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ საამაყო არა მარტო  დაპყრობილი ტერიტორიების ფართობის გამო, არამედ სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშის გამოც.  ტრაიანეს სვეტი  დღესაც თანამედროვე რომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობაა. იგი 113 წელს დადგეს იმპერატორ ტრაიანუსის მიერ მდინარე დუნაის გადაღმა მოპოვებული გამარჯვების სიმბოლოდ. ტრაიანუსის სვეტი დაფარულია რელიეფური ლენტით, რომელიც ოცდასამ ხვეულას ქმნის.  ლენტი თანდათან ფართოვდება და ადამიანს, რომელიც ვევიდან უყურებს სვეტს ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს ხვეულების სიგრძე ერთნაირია. ლენტის საერთო სიგრძე საბოლოო ჯამში ორასი მეტრია. მასზე გამოსახულია ბრძოლის სცენები. რელიეფი იწყება რომაელთა ჯარების დუნაიზე გადასვლის სცენით და მთავრდება რომაელთა მოწინააღმდეგე მხარის მეფის თვითმკვლელობის ეპიზოდით. ვფიქრობ, განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია სვეტზე გამოსახული ბოლო ეპიზოდი,რადგან ამ ფაქტის სხვეტზე გამოხატვა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რომაელებს არარომაელი ბარბაროსად წარმოედგინათ და ისინი მათ არათუ მათზე მეტი მნიშვნელობის ხალხად, არამედ თანასწორადაც არ მიიჩნევდნენ. სწორედ ამიტომ, რომაელმა მოქანდაკემ, ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშეგამარჯვების სიმბოლოდ ქცეულ სვეტზე სამუდამოდ აღბედა მოწინააღმდეგე მხარის მეფის ლაჩრული საქციელი, რითაც კიდევ ერთხელ დაამცირა იგი.

ბუნებრივია, როგორც ყველა ტურისტი ჩვენი დროში მოგზაურიც პირველ რიგში რომის გამორჩეული ადგილების დათვალიერებას მოინდომებდა და ალბათ მოგზაურობის დასაწყისშივე სწორედ იმ არქიტექტურულ ნაგებობესა და ადგილებს ნახავდა, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, თუმცა, ვფიქრობ, აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ   ძველ რომში ყოველი ადგილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა. რომი არა მხოლოდ საგულდაგულოდ აგებული შენობებით გააოცებდა ჩვენს მოგზაურს, არამედ  ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული შენობებითაც: მისი სავარჯიშო ოთახებით, ბიბლიოთეკით, სავაჭრო დუქნებით, ბაღებით, რადგან რომაელები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველ დეტალს მეტი სიზუსტით ეკიდებოდნენ და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ეს მარადიული ქალაქი და მისი წარსული დღემდე იწვევს თანამედროვე ადამიანების დაინტერესებას. ისინი დღემდე ინტერესდებიან ძველ რომში არსებეული ნაგებობებით, ქანდაკებებით და ხელოვნების სხვა ნიმუშებით, რაც გვაძლევს საშუალებას თამამად ვთქვათ, რომ  რომაელებიც , ისევე როგორც, თავად ქალაქი, ერთხმად ეზიარნენ იმას, რაც ასე მიუღწეველი და ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელობაში – მარადიულობას. 

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: