Skip to content

ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა”

February 21, 2015

o-ANIMAL-FARM-facebook

ავტორი  თანამედროვეთათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებისა „ცხოველთა ფერმა“ მეოცე საუკუნის ინგლისელი მწერალი და ესეისტი ჯორჯ ორუელია.   ჯორჯ ორუელის ნამდვილი სახელი და გვარი ერიკ არტურ ბლერია. იგი ინდოეთში დაიბადა და სულ რაღაც ერთი წლის იყო, როცა ინგლისში ჩაიყვანეს. აღსანიშნავია მისი ბიოგრაფიის ის ნაწილი, რომელიც მან 1945 წლამდე, ანუ ამ კონკრეტული ნაწარმოების გამოქვეყნებამდე განვლო. 1922 წლიდან ორუელი ბრიტანეთის პოლიციაში მსახურობდა, თუმცა შემდგომ პროტესტის ნიშნად თავი დაანება ამ სამსახურს. იგი იბრძოდა 1937 წლის ესპანეთის სამოქალაქო ომშიც მუშათა პარტიის დასახმარებლად. მეორე მსოფლიო ომში კი The Observer-ის კორესპონდენტი იყო. მისი გახმაურებული ვრცელი იგავური ნაწარმოები „ცხოველთა ფერმა“ 1945 წელს გამოქვეყნდა. მისი ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია „1984“, რომელიც, „ცხოველთა ფერმის“ მსგავსად, საბჭოთა კავშირში იკრძალებოდა.

ორუელის ნაწარმოები „ცხოველთა ფერმა“ საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო ერთადერთი მიზეზით – ბოლშევიკებმა მასში ამოიცნეს საკუთარი თავი, თუმცა  ორუელის ეს ნაწარმოები მიმართული არ ყოფილა კონკრეტულად საბჭოთა კავშირში მცხოვრები ბოლშევიკების წინააღმდეგ,იგი ზოგადად ტოტალიტარულ რეჟიმზე გალაშქრებას ისახავდა მიზნად, იმ რეჟიმზე, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული  სისტემატურ მასობრივ დანაშაულებსა და ამ ქმედებების  სამთავრობო სისტემამდე აყვანამდე.  ტოტალიტარიზმიც სწორედ ამას გულისხმობს  – პოლიტიკურ რეჟიმს, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახელმწიფოს მიერ ხალხის ცხოვრების თითოეული სფეროს სრული კონტროლი. ტოტალიტარული რეჟიმისას  სახელმწიფო სრულიად არის გაბატონებული საზოგადოებაზე, ინდივიდზე, თუმცა შეუძლებელია ასეთ რეჟიმში მცხოვრები ადამიანის ინდივიდის სახელით მოხსენიება, რადგან  მას დაკარგული აქვს პიროვნული მე და მთლიანად ერთი საერთო საზოგადოების ნაწილია, რომელსაც დიდი მონდომებითა და წარმატებით სრულად აკონტროლებს ან ამისაკენ მიისწრაფვის სახელმწიფო.

ტოტალიტარული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ის, რომ  პოლიტიკური ხელისუფლება პრეტენზიას აცხადებს მოსახლეობის საყოველთაო ინტერესებზე და  სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მსგავს სახელმწიფოში ადგილი აღარ რჩება  ცალკეული სუბიექტის ინტერესების გამოაშკარავებისათვის.  ასეთი სახელმწიფოს მაგალითებად შეგვიძლია არა მარტო საბჭოთა კავშირი , არამედ ნაცისტური გერმანია და ჩრდილოეთ კორეაც ჩავთვალოთ.  ეს მაგალითები კიდევ ერთხელ ცხადყოფს ფაქტს, რომ ტოტალიტარიზმის პრობლემა მეტად აქტუალურია და, შესაძლოა, მისი ნიშნები ნებისმიერი ფორმით გამოვლინდეს, თუნდაც არა სახელმწიფოებრივ დონეზე, არამედ უფრო დაბალ საფეხურებზეც კი, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი პრობლემების წარმოშობის საწინდარი იქნება. ჯორჯ ორუელის ნაწარმოები „ცხოველების ფერმა“ თავისი არსით სწორედ ამ  საყოველთაო პრობლემების ნათელი ამსახველია და  იგი   ირიბი გზით, ცხოველების მაგალითით ცდილობს თითოეულ მკითხველს დაანახოს  ნამდვილი რეალობა და ბევრ რამეზე სათანადოდ დააფიქროს, გამოაფხიზლოს, რათა ამ უკანასკნელმა უკეთ შეძლოს სიტუაციის შეფასება , მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გონივრულად ცდილობენ მის საპირისპიროში დარწმუნებას.

წიგნში  მიმდინარე მოვლენები ფერმაში ვითარდება, სადაც მცხოვრები ცხოველები ფერმის მეპატრონეს ჯოუნსს გააგდებენ და ცდილობენ ცხოვრება ადამიანების გარეშე დაიწყონ. ამ ერთგვარი რევოლუციის საწინდარი კი გახდება ფერმაში მცხოვრები თორმეტ წელს მიტანებული ღორის მეიჯორის სიტყვები. მეიჯორი ფერმაში მცხოვრებ ცხოველებს შემოიკრებს და, ხვდება რა, რომ მისი აღსასრულის დღე სულ უფრო ახლოვდება, ცდილობს თანამოძმეებს საკუთარი ნააზრევი  გადასცეს :

„ ჩვენი ცხოვრება საბრალო, მძიმე შრომით გადატვირთული მოკლე წუთია. დაბადების შემდეგ ჩვენ გვეძლება მხოლოდ იმდენი საკვები, რომ სული არ გავაფრთხოთ, ხოლო ჩვენს შორის შრომისუნარიანთ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებენ და ბოლოს, როცა  აღარ ვჭირდებით, ყველას ამაზრზენი შეუბრალებლობით გვხოცავენ…..  მაგრამ ნუთუ იმიტომ, რომ უბრალოდ, ასეთია ბუნების წესრიგი, ნუთუ ეს იმ მიზეზით ხდება, რომ ინგლისს აარ ემეტება წეიერი ცხოვრება მათთვის, ვინც მის წიაღში ცხოვრობს? არა, ამხანაგებო, ათასგზის არა ! ინგლისის ნიადაგი მდიდარია, კლიმატი კარგი. მას ძალუძს ნოყიერად  გამოკვებოს გაცილებით მეტი ცხოველი, ვიდრე ამჟამად ჰყავს. მარტო ეს ჩვენი   ფერმა გამოკვებავდა თორმეტ ცხენს, ოც ძროხას, ასობით სხვარს და თანაც ისეთი კომფორტითა და ღირსებით, როგორაც დღეს ვერც კი წარმოვიდგენთ. მაშ, რატომ ვრჩებით ამ შესაბრალის მდგომარეობაში? იმიტომ,რომ ჩვენი გარჯის თითქმის მთელ მაყოფს ადამიანები გვპარავენ…   მაშ, განა დღესავით ნათელი არ არის, ამხანაგებო, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა  ბოროტება ადამიანის ტირანიიდან მოდის? ერთხელაც თავი დავაღწიოთ ადამიანს და ჩვენი გარჯის შედეგი მთლიანად ჩვენი იქნება… რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის? რადა იგ, რომ ვიმუშაოთ დღე და ღამე, არ დავზოგოთ სული და სხეული, რათა ადამიანის მოდგმა დაემხოს! აჯანყება ! … და გახსოვდეთ, ამხანაგებო, თქვენი გადაწყვეტილება ურყევი უნდა იყოს. არც ერთმა მოსაზრებამ გზიდან არ უნდა გადაგახვევინოთ. ყური არ ათხოვოთ, თუკი გეტყვიან, რომ ადამიანს და ცხოველს საერთო ინტერესები ამოძრავებენ, რომ პირველის კეთილდღეობა მეორის კეთილდღეობასაც ნიშნავს, ტყუილია ეს ყველაფერი. ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის იღწვის. ჩვენში კი, ხოველებში, დაე, სრული ერთიანობა, ძმობა და მეგობრობა სუფევდეს ჩვენი საერთო მიზნისათვის ბრძოლაში.  ყველა ადამიანი მტერია, ყველა ცხოველი – მეგობარი…  და როდესაც მას დაამარცხებთ, მაშინაც კი არ უნდა შეითვისოთ მისი მანკიერებანი. არც ერთმა ცხოველმა არ უნდა იცხოვროს სახლში, არ უნდა იძინოს საწოლში, არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი, რ უნდა მოწიოს თამბაქო, არ უნდა შეეხოს ფულქ და არ უნდა გაერიოს ვაჭრობაში. ადამიანის ყველა ჩვეულება ბოროტებაა. უწინარეს ყოვლისა კი, არც ერთმა ცხოველმა არ უნდა დაჩაგროს და არ უნდა მოკლას თავისივე მსგავსი,  ყველა ცხოველი თანასწორია.“

მეიჯორის ეს სიტყვები, ერთი შეხედვით,  ცხოველებისათვის საკმაოდ მისაღები და  უდიდესი საბრძოლო სულისკვეთებით სავსე იდეის მატარებელი იყო, თუმცა ისევე, როგორც კომუნიზმის იდეა, ეს იდეებიც, რა თქმა უნდა, უტოპიური იყო და, შესაბამისად, შეუძლებელი იქნებოდა მათი შესრულება, რადან, როგორც კომუნიზმის იდეა, ასევე მეიჯორის მიერ წარმოთქმული სიტყვები არ ითვალისწინებდა უმთავრესს  –  ადამიანის ბუნებასა და მის მისწრაფებებს.

ზემოთ მოყვანილი სიტყვების  გარდა მეიჯორმა ცხოველებს კიდევ ერთი მთავარი რამ დაუტოვა ერთგვარ ანდერძად, რასაც შემდგომში ფერმის თითოეული მცხოვრები  განსაკუთრებული სიხშირით იმეორებდა ხოლმე – სიმღერა:

9c269f0171e472f70d8ae3b67b1a2aa7„მხეცნო ინგლისის და ირლანდიის,

ცხოველნო ყველა მიწის და ჰავის,

სასიხარულოს გაუწყებთ ამბავს:

ჩვენი მყობადი ოქროსფრად ყვავის!

ადრე თუ გვიან დადგება ის დღე,

ტირანი კაცი როს დაემხობა

და დიდ ინგლისს უხვ ველ-მინდვრებზე,

იმეფებს ოდენ ცხოველთა ძმობა.

ჩამოვიშორებთ ცხვირიდან რგოლებს,

ხოლო ზურგიდან – ტლანქ მოსართავებს,

დადგამს და დეზებს გამოხრავს ჟანგი,

სასტიკი შოლტიც ვერ აგვატყავებს.

და ჩვენს საუნჯს ვეღარვინ დათვლის,

ქერ-ხორბალ-შვრია დადგება მთებად,

ცერცვსა, სამყურს და ქორფა ჭარხალს

მოვისთვლით მხოლოდ ჩვენს საკუთრებად.

მზე გააბრწყინებს ინგლისის ველებს,

წყლებო, თქვენც უფრო ამაოდ დაჰბერთ,

თავისუფალნი ოდეს ვიქნებით,

იმ დღისთვის უნდა ვიშრომოთ ყველამ.

თუნც ვერ მოვესწროთ მის გათენებას,

ყველამ – ცხენ-ძროხამ, იხვ-ინდაურმა,

თავისუფლების იწყოს შენება!

მხეცნო ინგლისის და ირლანდიის,

ცხოველნო ყველა მიწის და ჰავის,

ისმინეთ თქვენც და აუწყეთ სხვებსაც:

ჩვენი მყობადი ოქროსფრად ყვავის!“

სიმღერამ და მთლიანად მეიჯორის სიტყვებმა ცხოველები  უკიდურესად აღაგზნო, რაც, ფაქტობრივად ბრბოს ფსიქოლოგიაზე მეტყველებს. „მეიჯორს სიმღერა არ დაესრულებინა, რომ ყველა დამსწრე ერთად ამღერდა.“ ეს ყველაფერი ცოხველებისათვის საუცხოო რამ იყო, მათ არასდროს უფიქრიათ იმის შესახებაც კი, რომ ოდესმე შესაძლებელი გახდებოდა აამიანებსიაგან თავი   გაეთავისუფლებინათ. მათ არც იმაზე უფიქრიათ, რომ  ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნა შესაძლებელი იყო თანაც მათივე მიერ.  მეიჯორის სიტყვებმა მასში ოპტიმიზმის ნაპერწკალი გააჩინა, რაც  ნელ-ნელა უფრო და უფრო ღვივდებოდა.

downloadმას შემდეგ, რაც მეიჯორი გარდაიცვალა, მისი წამოწყებული საქმე და მის იდელოგიაზე დაფუძნებული სამოქმედო გზა სამეულმა გააგრძელა. ეს სამეული სამ ღორს მოიაზრებდა : მრისხანე შესახედაობის, სიტყვაძუნწსა და თავის ნება-სურვილზე მცხოვრებ ზორბა ღორს – ნაპოლეონს, შედარებით ცქვიტს, ენაწყლიანსა და საზრიან სნოუბოლს და ასევე დიდებულ მოლაპარაკესა და მკვირცხლ მოძრაობებში დახელოვნებულ სქვილერს. ამ უკანასკნელზე ცხოველები იმასაც ამბობდნენ, რომ შავის თეთრად წარმოჩენის ძალაც კი აქვსო.  ამ სამეულმა მეიჯორის სწავლება დასრულებულ სისტემად აქცია და მას „ანიმალიზმი“ უწოდა.  თავდაპირველად ცხოველების დამოძღვრა ისეთი ადვილი არ აღმოჩნდა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა, რაზეც მეტყველებს შემდეგი  ამონარიდი წიგნიდან : „  თავდაპირველად გულის შემაღონებელ სიჩლუნგესა და უგულისყურებას წააწყდნენ. ზოგიერთი ცხოველი ლოიალურობაზეც  კი ლაპარაკობდა მისტერ ჯოუნსის მიმართ და მას „პატრონად”  იხსენიებდნენ ან კიდევ სრულებით პრიმიტიულად  შენიშნავდა, მისტერ ჯოუნსი ჩვენ გკვებავს, ის რომ არა, ყველანი შიმშილით დავიხოცებოდითო. სხვები იძლეოდნენ ამგვარ შეკითხვებს : „რაში გვანაღვლებს, რა მოხდება მაშინ, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით? „ ან :“თუ  აჯანყება ყველა  შემთხვევაში გარდაუვალია, რაღა მნიშვნელობა აქბს, ჩვენ მოვაწყობთ მას თუ სხვები?“.  ღორებს დიდი სიძნელეების  გადალახვა დასჭირდათ იმის განსამარტავად, რომ მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგებოდა ანიმალიზმის სულს.“   – ეს ამონარიდი ნათელი მაგალითია იმისა, რომ  ადამიანებს, როგორც ამ ფერმაში მცხოვრებ ცხოველებს, გამუდმებით ეშინიათ ცვლილებების, სულ ერთია ეს ცვლილებები დადებითისკენ არის მიმართული თუ უარყოფითისაკენ, რადგან ცვლილებები სტაბილურობის განცდას უკანა პლანზე წევს, ეს განცდა კი ადამიანებს გარკვეული გარანტიისა და საყრდენის არსებობის შეგრძნებას უღვიძებს და მისგან დროის მცირე ხნითაც კი თავის არიდება, მათში უსიამოვნო განცდებს აღვიძებს.

აჯანყება იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე თითოეულ ცხოველს წარმოედგინა. შიმშილისაგან შეწუხებულმა ცხოველებმა  გარკვეულ ვითარებაში უეცრად იფექთეს და ფერმიდან განდევნეს  ყველა  ადამიანი. ფერმასაც ადრინდელი სახელი „მანორის ფერმა“ გადაარქვეს და ახლა ეს ადგილი უკვე „ცხოველთა ფერმად“ იწოდებოდა. ასე მარტივად გახდნენ ცხოველები თავიანთი თავის ბატონები და მოიპოვეს იმ დროს ნანატრი თავისუფლება.  მათ ჩამოაყალიბეს ანიმალიზმის შვიდი მცნებაც და შავად გაფისულ კედელზე თეთრი ასოებით დაწერეს იმ მიზნით, რომ იგი შორიდანაც შესამჩნევი ყოფილიყო.

შვიდი მცნება :

  1. ორ ფეხზე მოსიარულე ყველა არსება მტერია.
  2. ყველა ოთხ ფეზე მოსიარულე ან ფრთოსანი არსება მეგობარია.
  3. არც ერთი ცხოველი არ ჩაიცვამს ტანსაცმელს.
  4. არც ერთი ცხოველი არ დაიძინებს საწოლში.
  5. არც ერთი ცხოველი არ დალევს ალკოჰოლს.
  6. არც ერთი ცხოველი არ მოჰკლავს სხვა ცხოველს.
  7. ყველა ცხოველი თანასწორია.

მართალია, ცხოველების თვალში მოპოვებული გამარჯვება ყველანაირი საფრთხისაგან დაცული მომავლის გარანტიას ნიშნავდა, თუმცა იმავე დღეს იყო შესამჩნევი ის ფაქტი, რომ  ცხოველთა ფერმის მცხოვრებლები ყველაფერს სათანადოდ ვერ აფასებდნენ. ამაზე მეტყველებს პირველივე დღეს გამქრალი რძე, რომელზეც   ნაპოლეონმა თქვა : „რძეს არაფერი უჭირს, ამხანაგებო ! რძე დაიცდის. სათიბი უფრო მნიშვნელოვანია.“ , ხოლო სათიბიდან დაბრუნებულთა შორის ზოგიერთმა კი აშკარად შენიშნა, რომ რძე სადღაც გამქრალიყო, ხოლო, როგორც შემდეგში გაირკვა, რძეს ყოველდღე ღორების საკვებში ურევდნენ ხოლმე, რაც ღორებმა ასე ახსნეს: „რძე და ვაშლი ( ეს მეცნიერებამ დაამტკიცა, ამხანაგებო!) შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ღორის ორგანიზმისათვის აუცილებელია. ჩვენ, ღორები გონებრივად ვშრომობთ, ამ ფერმის მთელი მართვა- ორგანიზება ჩვენზე კიდია. დღე და ღამე თვალმოუწუჭავად ვდარაჯობთ ჩვენს კეთილდღეობას. სწორედ თქვენ გამო ვსვამთ რძეს და თქვენი გულისთვის ვჭამთ ვაშლს. იცით, რა მოხდება, თუკი ჩვენ ვეღარ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას? ჯოუნზი დაბრუნდება! დიახ, ჯოუნზი!“    ჯოუნზის დაბრუნების მუქარას შემდგომში ღორები ძალიან ბევრჯერ მიმართავდნენ და ეს იყო ერთგვარი მანიპულირება სხვა ცხოველების განცდებით, რადგან თითოეულ მათგანს უბედურებათა შორის ყველაზე საზარლად სწორედ ფერმის ნამდვილი მეპატრონის დაბრუნება მიაჩნდა.

შესამჩნევი იყო ასევე სხვა პრობლემებიც, კონკრეტულად ის, რომ პატრონის გარეშე დარჩენილი ცხოველები, ბუნებრივია, თავად შრომობდნენ იმისათვის, რომ თავი ერჩინათ. ყველა ისე  შრომობდა, როგორც ამისი შესაძლებლობა ჰქონდა, არავინ ბუზღუნებდა, არავინ არაფერს იპარავდა და ერთი შეხედვით ყველაფერი კეთილსინდისიერად სრულდებოდა, თუმცა    სინამდვილეში  ვითარება ისეთი იდეალურიც არ ყოფილა, როგორიც ჩანდა. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც ის, რომ კატა ყოველთვის იკარგებოდა ხოლმე, როცა  გარკვეული საქმე იყო შესასრულებელი და მხოლოდ მაშინ გამოჩნდებოდა ხოლმე, როცა საკვების განაწილების საკითხი  დაისმებოდა. აშკარა იყო, რომ იგი პასუხისმგებლობას გაურბოდა, თუმცა , რა თქმა უნდა, ამას არ აღიარებდა და  თავის გასამართლებლად ისეთ რაღაცებს იტყოდა, რომ მასში ეჭვის შეტანა შეუძლებელი ხდებოდა.  კატის პერსონაჟი  გამოხატულებაა იმისა, რომ კომუნისტურ რეჟიმში მცხოვრები ადამიანები, მართალია, წესით თანაბრად უნდა ასრულებდნენ ყველა სამუშაოს, თუმცა მსგავს ვითარებაში ადამიანების გარკვეული ნაწილი ყველანაირად ცდილობს თავი დაიძვრინოს არასასურველი პასუხისმგებლობისაგან – მოითხოვს  იმდენს, რამდენსაც სხვები, თუმცა  სანაცვლოდ ზუსტად იმდენივეს არ აკეთებს ან უარეს შემთხვევაში საერთოდ არაფერს აკეთებს.

უპატრონოდ დარჩენილ ცხოველთა ცხოვრება, მართალია, თითქოს მდორედ და ზედმეტი აღელვებების გარეშე მიედინებოდა, თუმცა მანც შეინიშნებოდა განხეთქილების მსგავსი თავისებურებები. აშკარა იყო ის, რომ ცხოველებს შორის უპირატესობა ღორებს ჰქონდათ, განსაკუთრებით კი ნაპოლეონსა და სნოუბოლს. ეს ორი კი მუდმივად სხვადასხვა აზრს აფიქსირებდა სათანადოდ გამართულ მიტინგებზე და, მართალია,შესაძლოა ვინმეს შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ისინი ერთ მხარეს იყვნენ. ყველა ცხოველი ხომ ერთმანეთის მეგობარი იყო, შვიდი მცნების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, თუმცა აშკარა იყო მათ შორის დაძაბულობა და დაპირისპირება, რამაც შემდგომში უკვე გაცილებით მწვავე ხასიათი მიიღო.

download (1)

ამ ხნის განმავლობაში, ცხოველთა ფერმას თავს ადამიანები დაესხნენ და გაიმართა ე.წ. „გომურის ბრძოლა“. ფერმის მეპატრონე საკუთრების დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. ცხოველებმა ადამიანების აჯანყება ჩაახშვეს და გააქციეს ისინი. ბრძოლაში განსაკუთრებული სიმამაცე სნოუბოლმა გამოიჩინა, რომელიც დაიჭრა კიდეც, როცა ფერმის დაცვას ცდილობდა. ამ ფაქტმა, ბუნებრივია, მისი ავტორიტეტი თანამოძმეთა შორის კიდევ უფრო გაზარდა, რაც, ცხადია, მის ირიბ მტერსა და მოწინააღმდეგეს -ნაპოლეონს- არანაირად არ აწყობდა. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთ მიტინგზე, რომელზეც განიხილებოდა ცხოველთა ფერმის უმნივნელოვანესი საკითხი – ქარის წისქვილის აშენება, ნაპოლეონმა საკუთარი დამოკიდებულება სნოუბოლის მიმართ უკვე არა ირიბად, არამედ პირდაპირი გზით გამოააშკარავა. სნოუბოლს გეგმა ჰქონდა, რომ ბორცვზე აეშენებინათ ქარის წისქვილი, ეს დაეხმარებოდა ცხოველებს, რათა მათ გაცილებით ნაკლები ჯაფის გაწევა დასჭირვებოდათ სხვადასხვა საქმის შესასრულებლად, ჰქონოდათ ელექტროენერგია, ზამთარში თბილი ადგილსამყოფელი, ანუ  სნოუბოლის გეგმით წისქვილის მშენებლობა გაცილებით უფრო კომფორტული ცხოვრების საწინდარი იყო,თუმცა ნაპოლეონი, როგორც ყოველთვის არ ეთანხმებოდა სნოუბოლის ამ მოსაზრებას და ამტკიცებდა, რომ  წისქვილის მშენებლობა უაზრობა იყო და რომ ცხოველებს ყურადღება  სხვა საკითხებზე უნდა გადაეტანათ.

საბოლოო გამარჯვება ნაპოლეონმა მოიპოვა, მან საგულდაგულოდ იზოლირებული და მის მირ აღზრდილი ძაღლების დახმარებით სნოუბოლი ფერმიდან გააძევა და ყველაფერი გააკეთა საიმისოდ რომ ცხოველების თვალში სნოუბოლი თანამოძმეთა მოღალატედ გამოჩენილიყო.  ამიერიდან ნაპოლეონი ცხოველთა ფერმის ხელმღვანელი გახდა.

ნაპოლეონის მარჯვენა ხელმა, სქვილერმა ცხოველებს ჩამოუარა და აუწყა : „ ამხანაგებო! მჯერა, რომ ყოველი თქვენგანი დააფასებს დიდ მსხვერპლს, რომელიც ამხანაგმა ნაპოლეონმა გაიღო ამხელა ტვირთის თავის თავზე აღებით. არ გეგონოთ, ამხანაგებო, რომ მმართველობა სიამოვნებაა! პირიქით, ეს არის უმძიმესი პასუხისმგებლობა. არავის სჯერა ამხანაგ ნაპოლეონზე მეტად, რომ ყველა ცხოველი თანასწორია. ის ძალზე ბედნიერი იქნებოდა იმით, რომ მოეცა თქვენთვის საშუალება – თავადვე მიგეღოთ თქვენთვის საჭირო გადაწყვეტილებები, მაგრამ ზოგჯერ თქვენ შეიძლება შეცდეთ და სად მიგვიყვანს ეს? წარმოიდგინეთ, რომ სნოუბოლის მონაჩმახს გაჰყოლოდით, სნოუბოლის, რომელიც, როგორც გაირკვა, რიგით კრიმინალზე უკეთესი არაფრით ყოფილა?“   მართალია, სქვილერის ამ სიტყვებში თავდაპირვე;ად ეჭვი შეიტანეს, რადგან სნოუბოლი მამაცურად იბრძოდა „გომურის ბრძოლაში“ ცხოველთა მხარეზე, თუმცა  ყოველგვარ ეჭვს მაშინვე უპირისპირდეოდა არგუმენტი „ნაპოლეონი ყოველთვის მართალია“ და რადგან ნაპოლეონი ამგვარად ფიქრობდა სნოუბოლის შესახებ, სხვებსაც მსგავსად უნდა ეფიქრათ. მათ ეს ერთადერთ სწორ გზად ესახებოდათ და მაშინაც კი, როცა შინაგანი მღელვარება მოიცავდათ, უკვე იმდენად იყვნენ მორჩილებას შეჩვეულნი, რომ არ შეეძლოთ საკუთარი აზრის დაფიქსირება, თანაც ეშინოდათ, ეშინოდათ ნაპოლეონის ძაღლების, თანამედროვეობასთან რომ გავავლოთ პარალელი, ეს ძაღლები პოლიციელების სიმბოლოდ შეგვიძლია აღვიქვათ, სხვადასხვა ცხოველები  კი ხალხს – ცხვრები, რომლებიც მთელი წიგნის განმავლობაში ყოველ მიტინგსა თუ ყრილობაზე მორჩილად იმეორებდნენ ერთი და იმავე სიტყვებს, სიტყვებს, რომლებიც მათთვის ნაკარნახევი იყო ვინმეს დემაგოგიის შედეგად  – ერთგული და სულელი ამომრჩევლები არიან,  ცხენები კი, რომლებიც დღენიადაგ შრომობდნენ  დამონებული და გატანჯული საზოგადოების სიმბოლოა.

მალე ისე მოხდა, რომ ნაპოლეონმა, რომელიც თავდაპირველად წისქვილის აშენების მოწინააღმდეგე  იყო, თავად მოუწოდა ცხოველებს, რომ ამ საქმიანობისათვის მოეკიდათ ხელი.საქმიამობის განმავლობაში თუკი რამე არ გამოსდიოდათ, ყველაფერი სნოუბლოს ბრალდებოდა, ასე იხსნიდა ყველანაირ პასუხიმსგებლობას ნაპოლეონი, ცხოველებსაც ბრმად სჯეროდათ, რომ ყოველგვარი გაუგებრობის მიღმა სნოუბოლი იდგა, რომელიც ჩუმად დაიარებოდა ამათ სამფლობელოში და ყველაფერს აფუჭებდა. საბოლოოდ სნოუბოლი ჯაშუშადაც გამოაცხადეს და  მისი ერთ დროს არსბეული ავტორიტეტი ყველას თვალში საბოლოოდ განადგურდა, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე,  რომ ტოტალიტარული რეჟიმი სათავეში მყოფი ადამიანი ან ადამიანები ყველანაირად ცდილობენ თავიანთვის მისაღები იდეოლოგია ჩაუნერგონ  ყოველ ადამიანს და ამისათვის ისინი მათ ერთგვარ „ტვინის დარეცხვას“ ახორციელებენ, აჯერებენ ყველაფერს, რაც თავად სურთ. ცხოველების ფერმაშიც სწორედ ასე მოხდა,  ყველაფერი შეიცვალა და პირველ რიგში ანიმალიზმსი თავდაპირველი შვიდი მცნებაც. ცხოველებს აჯერებდნენ ყველაფერს, რაც ნაპოლეონს სურდა და თუ ვინმეს ეჭვი შეეპარებოდა, მათ ყველაფერს ისე უხსნიდნენ, რომ ყველაფერში უკვე საკუთარ მეხსიერებას ადანაშაულებდნენ. ერთ დროს არსბეული სიმღერაც შეიცვალა და გახდა : „ცხოველების ფერმავ, ცხოველების ფერმავ, ჩემი შემწეობით ვერრა გიყოს მტერმა.“ 

ce1b30740e50e6065a0c5ccac9940ecc

საკვები გაცილებით ცოტა იყო, ცხოველებს საშინელ პირობებში უწევდათ ცხოვრება და მიუხედავად იმისა რომ „ და მაინც  ეს ის არ იყო, რისი იმედის ქლოვერს და სხვა ცხოველებს ჰქონდათ და რისთვისაც აქამდე ეშრომათ. ამისათვის არ აუშენებიათ წისქვილი და არც ჯოუნზის თოფისათვის მიუშვერიათ მკერდი ამ პერსპექტივით.“   ცხოველების მეირ  გაწეული დიდი შრომის შედეგად  აგებული წისქვილიც თავდაპირველად თხელი კედლების გამო დაინრგა, თუმცა მისი დანგრევაც სნოუბოლს დაბრალდა, შემდგომ კი ადამიანების ხელით. ცხოველებს ყველაფერი წყალში ჩაეყარათ. გარდა ამისა,  ყველანაირმა უბედურებამ კულმინაციას მას მერე მიაღწია, რაც ნაპოლეონი ნელ-ნელა სრულ უზურპატორად იქცა, მან სიკვდილით დასაჯა ცხოველები, არადა თავდაპირველი შვიდი მცნების თანახმად, ცხოველებს ერთმანეთი არ უნდა დაეხოცათ. ღორები უკვე გახსნილად არღვევდნენ თითოეულს იმ შვიდი მცნებიდან და ხმის ამოღების უფლება არც არავის ჰქონდა, არც არავის შეეძლო საკუთარი აზრი დაეფიქრისებინა,რადგან ამისი არც ბერკეტი ჰქონდა ხელთ და არც გონებრივი შესაძლებლობები უწყობდა ხელს. თუკი ადრე ყველა ცხოველი თანასწორად ითვლებოდა, ახლა სრულიად ახალი პუნქტი გამოჩნდა : „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები.“

საბოლოო ჯამში ვითარება იქამე მივიდა, რომ ღორებმა ნაპოლეონის მეთაურობით ადამიანებთან  შეხვედრა გამართეს ადრე ფერმის მეპატრონის სახლის შენობაში. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა ნაპოლეონმა კავშირი დაამყარა ადამიანებთან, იგი ვაჭრობდა კიდეც და იყო შემთხევვები, როცა ქათმების მიერ დადებული კვერცხები გაყიდა, გაყიდა ასევე შეშა და ა.შ.  წიგნი მთავრდება საკმაოდ ტრაგიკული ფრაზით  : „ფანჯარასთან მდგარ ცხოველებს მზერა ღორიდან ადამიანზე გადაჰქონდათ, ადამიანიდან ღორზე, შემდეგ ღორიდან ისევ ადამიანზე.. მაგრამ უკვე შეუძლებელი გამხდარიყო მათი ერთმანეთისაგან გარჩევა.“  ეს ფრაზა კიდევ ერთი მინიშნებაა იმისა, რომ სულ ერთია ვინ იქნება მმართველობის სათავეში, ამ შემთხვევაში ადამიანები თუ ღორები – ისინი ერთ დიდ ტრაგიკულ და საზარელ მთლიანობად იქცევიან, როცა ის ნიშნები ახასიათებთ, რომელთა შესახებაც  წიგნში ასახული სიუჟეტი თითოეულ ჩვენგანს მნიშვნელოვნად დააფიქრებს.

 

 

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: