Skip to content

ნინო ხარატიშვილი – “ჩემი საყვარელი ორეული”

February 22, 2016

shop_product_image_172314

 

 

თითოეული ადამიანი  საკუთარ, ხშირად სიტყვით გამოუთქმელ,სევდას  ატარებს, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში  ებრძვის, ზოგჯერ გააზრებულად, მაგრამ  უფრო ხშირად გაუაზრებლად. ყოველი  მნიშვნელოვანი ნაბიჯიც, გარკვეულწილად, ამ სევდისაგან თავის დაღწევის კიდევ ერთი მცდელობაა, თუკი დეტალებს ჩავუღრმავდებით, მაგრამ რატომღაც, ხშირად  არც ამის სურვილი გვაქვს და არც გამბედაობა გვყოფნის.  ნინო ხარატიშვილის “ჩემი საყვარელი ორეული” თითოეული პერსონაჟის სევდას “აშიშვლებს”, თვალწინ წარმოგვიდგენს ყველა იმ ემოციას, დეტალს, რომელსაც  თავად წიგნის გმირები საჭირო დროს ყურადღებას არ აქცევენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს დეტალები  მათი ცხოვრების განუყოფელი, მნიშვნელოვანი ნაწილია.

“ჩემი საყვარელი ორეული შესაძლებლობას გვაძლევს საკუთარ განცდებს, ემოციებსა და მოგონებებს სხვა თვალით, მეორე მხრიდან შევხედოთ და უფრო რაციონალურად, მომძლავრებული ემოციების გარეშე, შევაფასოთ და ზუსტად აქ ვხვდებით  გასაოცარ წინააღმდეგობას –  პერსონაჟების განცდები  ჩვენზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, თუნდაც არ ვაღიარებდეთ, რომ, ერთი შეხედვით, ჩვენი ცხოვრებისაგან სრულიად განსხვავებულ პერსონაჟთა ცხოვრების დეტალებში, საკუთარ თავს ვხედავთ,  თუმცა ემოციები სრულიად საპირისპიროა- ისინი დროის ფუჭი ხარჯვისა და უბრალოდ  ცხოვრების ამაოებაზე ფიქრისაკენ კი არა, არამედ  ვითარების რაციონალურად შეფასებისა და სწორი გადაწყვეტილების გამოტანისაკენ გვიბიძგებენ,  პასუხებამდე მივყავართ, იმ კითხვებზე პასუხებამდე, რომელთა დასმის გამბედაობა ჩვენ თვითონ არასდროს გვყოფნიდა და, შესაძლოა, დამოუკიდებლად ვერც მოგვეხერხებინა.

არასწორი იქნება, “ჩემი საყვარელი ორეული”  ერთ უბრალო სიყვარულის ისტორიად, ამაღელვებელ დრამად და მოუთოკავი ვნების ამსახველ ნაწარმოებად აღვიქვათ, როგორც ეს, შესაძლოა,  წიგნის ზედაპირულად წაკითხვის შემდეგ ჩანდეს, რადგან იგი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საზოგადო სევდის ამსახველია – საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შიშის, წარსულის გახსენებისა და ვერდავიწყების ერთდროული შიშის, რის გამოც სტელა  და ივო ( წიგნის მთავარი პერსონაჟები) გამუდმებით ერთმანეთისაკენ და საკუთარი თუ სხვების წარსული შეცდომების გამოსწორებისაკენ ისწრაფვიან. მათ ცხოვრებაში “ყველაფერი დასასრულით დაიწყო”,  ალბათ სწორედ ეს გახდა მიზეზი მათი მუდმივი მისწრაფებისა ე.წ.“გამორჩეულთა გარიყულობისაკენ”, ერთმანეთისა და სხვების ცხოვრებაში მსგავსებათა ძიებისა და ამ გზით საკუთარ თავთან მშვიდობის მიღწევის, სხვადასხვა მოქმედებებით წარსულისაგან განთავისუფლების, რომელსაც წიგნის თითოეული პერსონაჟი განსხვავებულად ცდილობს და ამ პროცესში  ხშირად  გამოგონილი და სინამდვილეც კი ერთმანეთში ერევა. 

“საერთოდ მისი ცხოვრება უამრავი ისტორიისაგან შედგებოდა. ზოგი ნამდვილი იყო, ზოგიც – მოგონილი, მაგრამ ოდესღაც თვითონვე დაიჯერა და მათგან ერთი დიდი ცხოვრების ისტორია გამოადნო. ვეღარ გაიგებდი, სად იყო სიმართლე და სად -ტყუილი. სინამდვილე თულიასთან ყოველთვის გამოგონილს ჰგავდა.”

ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ წიგნის პირველ ნაწილს “იქ” ჰქვია,  მეორე ნაწილს კი – “აქ”.  წიგნის მეორე ნაწილში სტელა და ივო  საქართველოში ჩამოდიან ერთი ოჯახის ისტორიის გამოსაძიებლად და ამ გზით საკუთარი ცხოვრების დასალაგებლად. წიგნის  ამ ნაწილში აღწერილი მოვლენები, მოქმედებები შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მათი ( ივოსა და სტელას) ადგილი სწორედ “აქ”, საქართველოში იყო, რომ ამ გზის გამოვლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ  ხსნის მიღწევა, რომელიც მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა.

 

“იმ დღეებში ყველაფერი უსაზღვრო იყო, სიხარულიც, მღელვარებაც, სიცოცხლის ხალისიც და მძიმე ნაღველიც. თავად ქვეყანა იყო ასეთი, დაუფიქრებლად ფლანგავდა სიყვარულს, ფულს, რომელიც არავის გააჩნდა, სითბოს, ყველაფერს, რაც აკლდა და როგორც კი უჩნდებოდა, მაშინვე გასცემდა, საჩუქრად არიგებდა, ხარჯავდა. იქ არაფერი უჩერდებოდათ დიდხანს.”

 

ასე ახასიათებს სტელა საქართველოში გატარებულ დღეებს, რომლებიც  მკითხველისათვის არა მხოლოდ   სასიყვარულო კავშირებისა და სხვა ამგვარი ემოციების საიდუმლოს ხდის ფარდას, არამედ ნათლად  წარმოაჩენს იმ საშინელ ისტორიას, რომელიც საქართველომ  რამდენიმე წლის წინ გამოიარა აფხაზეთში მომხდარი მოვლენების გამო.

“ჩემი საყვარელი ორეული”  თითოეული ადამიანისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხის ამსახველია, რომელიც, მიუხედავად მრავალი უარყოფითი ემოციისა, სინანულისა და დარდისა, რომლითაც წიგნის ყოველი ფურცელია სავსე,  ერთგვარ ოპტიმიზმსაც აღვიძებს, იმედს იმისა, რომ,   გრძნობებსა და აზრებში დაკარგვის მიუხედავად, თითოეული ჩვენგანი შევძლებთ ვიპოვოთ საკუთარი თავი, როგორც სტელამ იპოვა და, ყველა იმ უბედურების პარალელურად, რომელიც   წიგნში ასახული მთელი ისტორიის განმავლობაში გადაიტანა, ბოლოს მაინც თქვა –“სამაგიეროდ ვიცი, რომ მე არ ვარ “შენ”, უკვე აღარ ვარ.”

 

 

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: